მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ ვამტყუნებ იმ ქართველ ბიზნესმენებს, ვინც რუსეთში დარჩა“ - გია მორდეხაშვილი

ბიზნესმენი

„არ ვამტყუნებ იმ ქართველ ბიზნესმენებს, ვინც რუსეთში დარჩა და ბიზნესს აკეთებს“, - ასე უპასუხა 27-წლიან ემიგრაციაში ყოფნის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულმა ბიზნესმენმა გია მორდეხაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის ერთ-ერთ კითხვას, რომელიც რუსეთში ბიზნესის კეთების მორალურ დილემას შეეხებოდა.

თავად გია მორდეხაშვილი ემიგრაციაში 1990-იან წლებში წავიდა; ჯერ იყო რუსეთში,  სადაც როგორც თავად გვიყვება, პირველი ინტერნეტმაღაზია „ინტერშოპი“ დააფუძნა, რომელიც 2006 წელს გაყიდა. გია მორდეხაშვილის ბიზნესისტორიის ნაწილია საიუველირო საათების მწარმოებელი კომპანია Nika Group-ი, რომელიც ბიზნესპარტნიორთან, თენგიზ სანიკიძესთან ერთად დააფუძნა, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთში ბიზნესის კეთებაზე უარი თქვა და საფრანგეთში წავიდა. 

„მაშინ მტკიცედ განვაცხადე, რომ რუსეთი არ იყო ის ქვეყანა, სადაც მე ვიცხოვრებდი. 2010 წელს საფრანგეთში წავედი. 2014 წელს კი, კომპანიაში ჩემი წილიც გავყიდე და მას შემდეგ რუსეთთან შეხება არ მაქვს“, - ამბობს ბიზნესმენი. 

რამდენიმე წლის წინ კი, 2019 წელს გია მორდეხაშვილი სამშობლოში დაბრუნდა. 

„უამრავი ადამიანია რუსეთში, მათ შორის, ჩემი მეგობარი და პარტნიორი, რომელიც რუსეთში დარჩა და იქ აკეთებს ბიზნესს; ყველა ბიზნესი არაა დაკავშირებული პუტინთან და კორუფციასთან... მესმის იმ ადამიანების, რომლებიც წლები აშენებდნენ იმ ქვეყანაში ბიზნესს და საკუთარ ცხოვრებას და უჭირთ ამ ყველაფრის დატოვება.

მე ალბათ იმ გამონაკლისებს შორის ვარ, ვინც შეგნებულად ვთქვი უარი რუსეთში დარჩენაზე. აგვისტოს ომი ჩემთვის წითელი ხაზი იყო, მაგრამ არავის განვსჯი იმის გამო, რომ ასე არ მოიქცა და არ ვამტყუნებ იმ ადამიანებს, ვინც რუსეთში დარჩა.  ჩემთვის მთავარია, როგორ აზროვნებენ ისინი და რას აკეთებენ საქართველოსთვის. ბევრს ვიცნობ, ვინც საქართველოში დებს ინვესტიციებს, აქეთ აგზავნის თანხას და ა.შ.  საერთოდ, საქართველოში რადიკალიზმი უფრო ჭარბობს, მე კი, ყველა მხარის მოტივაციის ასნა და გაგება მსურს“, - ამბობს ბიზნესმენი.

საქართველოში გია მორდეხაშვილის ბიზნესგეგმები, ძირითადად, გასტრონომიას უკავშირდება. "Kusa Food Balls" - ახალი ქართული ბრენდია, რომელიც ბაზარზე მალე გამოჩნდება. ბიზნესმენი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში რესტორან „ლანგუსტს“ ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები