მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ ვაპირებთ, რომ დავემორჩილოთ რუსულ კანონს და დავრეგისტრირდეთ რეესტრში" - DRI

დრი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, თამარ ხიდაშელი, BMGTV-ის გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში არასამთავრობო ორგანიზაციებზე "რუსული კანონის" გავლენის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ თავად DRI არ აპირებს დარეგისტრირდეს, როგორც უცხო ქვეყნის გავლენის გამტარებელი.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი არის ორგანიზაცია, რომელიც, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა არსებულ მდგომარეობას იკვლევს და შეძლებისდაგვარად ვეხმარებით ეთნიკურ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს, როდესაც ისინი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით პრობლემებს აწყდებიან. ჩვენს ამ საქმიანობას რუსულმა კანონმა შეუქმნა საფრთხე.

DRI, ისევე როგორც სხვა, ძალიან ბევრი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, არ აპირებს დარეგისტრირდეს რეესტრში ან დაემორჩილოს რუსულ კანონს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, გვაქვს მოკლე და გრძელვადიანი გეგმები, თუ როგორ ვაპირებთ ამას", - ამბობს თამარ ხიდაშელი.

DRI-ის დირექტორი აღნიშნავს, რომ ორგანიზაციას ფინანსურ გამჭვირვალობასთან პრობლემა არ აქვს, რის გამოც ის აპირებს, რუსული კანონის დაუმორჩილებლობის პარალელურად, თავად გამოაქვეყნოს მონაცემები, რომლებსაც იუსტიციის სამინისტრო "უცხო ქვეყნის გავლენის გამტარებელთა" რეესტრში რეგისტრირებისას მოითხოვს.

"ძალიან ბევრ ორგანიზაციას არ აქვს არავითარი პრობლემა ფინანსურ და საქმიანობის გამჭვირვალობასთან, ეს ჩვენ უკვე დიდი ხანია დავამტკიცეთ. ველოდებით იუსტიციის მინისტრის ბრძანებას, ვნახავთ, რა ტიპის ინფორმაციის საჯაროობას მოითხოვს ის და ვაპირებთ, რომ ჩვენი ინიციატივით, პროაქტიურად გამოვაქვეყნოთ იგივე ინფორმაცია, რაც ბრძანებაში ეწერება", - აცხადებს ხიდაშელი.

DRI-ის დირექტორი ასევე აცხადებს, რომ ორგანიზაციის დონორებისა და დაფინანსების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფოს ისედაც აქვს, რის გამოც იგი ფიქრობს, რომ რუსული კანონის მიზანი NGO-ების სტიგმატიზებას ემსახურება.

"ჩვენ არავითარი პრობლემა არ გვაქვს გამჭვირვალობასთან. ყველამ იცის, ვინ არიან ჩვენი დონორები, ხელისუფლება ყოველ დღე გვახსენებს ამას. ჩვენი დაფინანსების ოდენობა და, მათ შორის, ჩემი ხელფასის ოდენობაც, არაჩვეულებრივად იცის შემოსავლების სამსახურმა.

ეს ხელისუფლებამაც ძალიან კარგად იცის. მათი მიზანი იყო ჩვენი სტიგმატიზება და მონათვლა, როგორც უცხოური ინტერესების გამტარებლების. ეს კანონი, რა თქმა უნდა, გვიქმნის დაბრკოლებებს და მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს ძალიან ბევრმა მოქალაქემ ვეღარ მიიღოს ის დახმარებები, რასაც აქამდე იღებდა", - ამბობს თამარ ხიდაშელი.

იგი აღნიშნავს, რომ კანონის დაუმორჩილებლობასთან ერთად, მნიშვნელოვანია ოქტომბრის არჩევნები, სადაც ქვეყნის ევროინტეგრაციის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს არჩევანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები