ეს იყო საუბარი იმაზე, რომ რა სტანდარტითაც თქვენ თქვენს ქვეყანაში მოქმედებთ და რა სტანდარტსაც თქვენ თქვენს ქვეყანაში მყოფ ელჩებს უყენებთ კეთილი ინებეთ და მოგვექეცით ისე - ასე განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ დედაქალაქის მერის განცხადება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ელჩს, ყველა განვითარებულ ქვეყანაში, მსგავსი განცხადების გაკეთების [რაც პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა] გამო მაშინვე გამოაპანღურებენ".
თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ, ქართული ოცნების საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
აქამდე, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ქართული ოცნების ახალ საარჩევნო ბანერებს "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი" უწოდა.
შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართალი, რომელიც წესებზეა დამყარებული არ ცნობს დიდ და მცირე ერებს.
"საუბარი იყო, საქართველოს ელჩს რომ ასეთი რამე გაეკეთებინა აშშ-ში, წარმოგიდგენიათ? ჩვენი ელჩი შტატებში რომ გამოვიდეს და თქვას, რომ რომელიღაც საარჩევნო კლიპი აღმაშფოთებელია, ან სამარცხვინო. წარმოგიდგენიათ?
წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ საქართველოს ელჩს გერმანიაში ან საფრანგეთში ასეთი რამე ეთქვა, ან უკრაინაში ასეთი რამე ეთქვა? როცა უკრაინაში ყველა საელჩო დაიხურა, ჩვენი ელჩი ბოლომდე იყო. ერთი ელჩი არ იყო სამადლოდ რომ ვინმეს მოეძებნა იქ კიევში. იმის გამო, რომ ასე ერთგულად იყო, ბოლოს ფაქტობრივად გამოაძევეს. ამიტომ, ამაზეა საუბარი და ეს სხვა დროსაც გვითქვამს რომ საერთაშორისო სამართალი, რომელიც წესებზეა დამყარებული არ ცნობს დიდ და მცირე ერებს წესით. თუმცა, პრაქტიკაში, როგორც ჩანს ზოგი მეტის უფლებას აძლევს თავს, როგორც დიდი ერის წარმომადგენელი მცირე ერის მიმართ.
ეს იყო საუბარი იმაზე, რომ რა სტანდარტითაც თქვენ თქვენს ქვეყანაში მოქმედებთ და რა სტანდარტსაც თქვენ თქვენს ქვეყანაში მყოფ ელჩებს უყენებთ კეთილი ინებეთ და მოგვექეცით ისე. არ ვართ ჩვენ დაბალი ღობე, რომელსაც გადააბიჯებ", - განაცხადა პაპუაშვილმა.