მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არ ვეთანხმები ბრალს, თავს უკანონო პატიმრად მივიჩნევ - ბათუმში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს

მზია ამაღლობელი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის წინასასამართლო სხდომა იმართება. სხდომას ჟურნალისტის და მედია მენეჯერის მხარდამჭერებთან და კოლეგებთან ერთად, საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრიც ესწრება.

სხდომაზე მზია ამაღლობელმა თქვა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

"არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს. საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა. ამიტომ მჯერა, მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას" - ავრცელებს მის წერილს გამოცემა ბათუმელები.

დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ამაღლობელის საქმეში დევს დეტექტივის 15 თებერვალს შედგენილი პატაკი, თითქოს მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმა დაგეგმილი ჰქონდა და ამაზე კომუნიკაციას ტელეფონით აწარმოებდა. პროკურატურა ამ საფუძველზე მზია ამაღლობელის ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღებას ითხოვს. დაკავებულის ადვოკატები ითხოვენ, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურატურის ეს შუამდგომლობა. 3 მარტს ასევე გავრცელდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა მოთხოვნილი.

"ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ხვალ ერთ თვეზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ სასამართლოს წინაშე წარდგება. აუცილებელია მისი დაუყოვნებლივ განთავისუფლება. "ქართული ოცნება" აგრძელებს თავის დაშინების კამპანიას ჟურნალისტების, დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ. ჩვენ ვუჭერთ მხარს მათ, ვინც თავისუფლებას იცავს", - წერია X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, 3 მარტს, ბალტიის ქვეყნებმა გაზარდეს სანქცირებულ პირთა ჩამონათვალი. ლიეტუვისა და ლატვიისგან განსხვავებით, ესტონეთმა გაასაჯაროვა სანქცირებულ პირთა ვინაობა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყანამ დაასანქცირა მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი და ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელზე თავდასხმასაც ედავება პროკურატურა.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით. თავდაპირველად მედია მენეჯერი სტიკერის გაკვრისთვის დააკავეს, მეორე დაკავებისას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მის დაკავებას გამოეხმაურნენ უცხოელი პოლიტიკოსები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები და მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები