მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არ ვფიქრობთ, რომ ეს დიდი პრობლემაა, რომ ორ ბანკს აქვს ბაზრის 80%-იანი წილი - დავით უტიაშვილი

ეროვნული ბანკი

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი, დავით უტიაშვილი ამბობს, რომ საბანკო სექტორის იმგვარად ჩამოყალიბება, რომ ორ ბანკს ბაზრის 80% უჭირავს, ბუნებრივად მოხდა. მან ბაზრის კონცენტრაციის საკითხზე "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.

Fitch Ratings-ის საბანკო განყოფილების უფროსმა არტემ ბეკეტოვმა "ანალიტიკასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბაზრის ასეთი კონცენტრირებული სტრუქტურა საკმაოდ უნიკალურია – როცა ბაზარზე გყავს ორი თითქმის ერთი ზომის უმსხვილესი ბანკი, რომლებსაც ბაზრის დაახლოებით 80% უჭირავთ.

დავით უტიაშვილის ამბობს იმასაც, რომ სექტორში კონკურენციის პრობლემა არ დგას.

"ალბათ პირველ რიგში უნდა ვთქვათ, არის თუ არა ეს მართლა გამოკვეთილად დიდი პრობლემა. ორ ბანკს ნამდვილად აქვს მაღალი წილი და ცხადია, ორი ბანკის 80%-ს შეიძლება სჯობდეს და ოპტიმალური იყოს, გვქონდეს ოთხი ბანკი, რომლისაც 20-20% აქვს, მაგრამ ნუ გვაქვს ის მოცემულობა, რაც გვაქვს. მეორეა - როგორ მივედით ამ მოცემულობამდე. და ამ მოცემულობამდე მივედით ისე, რომ ეს ორი ბანკი იყო ძალიან ეფექტური, სწრაფად მზარდი, კარგი პროდუქტები დანერგეს, კარგად მართავდნენ ბანკს. ანუ ეს ბუნებრივად მოხდა და მართლაც თუ შევხედავთ, ეს ორივე ბანკი - დამთხვევა არ არის, ხომ? - არის დალისტული ლონდონის საფონდო ბირჟაზე და იშვიათი ქვეყანა არის ჩვენ რეგიონში, ვისაც ერთი ბანკი მაინც ჰყავს ასეთი და ჩვენ გვყავს ორი. ანუ ეს პროცესი მოხდა ბუნებრივად იმ კუთხით, რომ ესენი იყვნენ კარგი ბანკები და ისე განვითარდნენ. ამიტომ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს არის რაღაც დიდი პრობლემა, რომ ორ ბანკს აქვს ამხელა წილი. მართლაც კონკურენციის კუთხით, საცალო კუთხით ბევრ მომხმარებელს მგონია შეხება აქვს ხომ და ვერ იტყვის, რომ ასე ვთქვათ, ეს ბანკი არის რომელიმე ისე გაზარმაცებული, რომ ვუთხრა რომ მასთან კონკურენტ ბანკში გადავდივარ და მაინც არ სცადონ მისი შენარჩუნება. ამიტომ კონკურენციის პრობლემა ასე კრიტიკულად ჩვენ არ ვთვლით, რომ გვიდგას. თუმცა ცხადია, თუ გვეყოლება უფრო, კიდევ უფრო დამატებითი ძლიერი მოთამაშეები, ეს მათ შორის კონკურენციას რაღაც კუთხით გაზრდის მთელ სისტემაში",- ამბობს დავით უტიაშვილი.

კითხვაზე, ბაზარზე ამ მოცემულობის გავლენის შესახებ, მაგალითად იმაზე, რომ საპროცენტო განაკვეთები მაღალია საქართველოში და შეიძლება არც უნდოდეთ დამატებით მოთამაშეებს, ან საერთაშორისო ბანკებს შემოსვლა, დავით უტიაშვილის თქმით, ამაზე მაღალი კონცენტრაცია ალბათ გარკვეულწილად მოქმედებს, თუმცა არა იმდენად, რომ ეს რამე მატერიალურ გავლენას ახდენდეს.

"კონკურენციის კუთხით ჩვენ არ ვთვლით, რომ ბაზარზე ვთქვათ კლიენტს არ აქვს არჩევანი რომელ ბანკში მივიდეს, ან თუნდაც ამ ორ ბანკს შორის არ არის კონკურენცია. საკმაოდ მაღალი კონკურენციაა. ერთადერთი შედარებით გამოწვევა არის მსხვილი ბიზნესისთვის. თქვენ თუ ხართ მსხვილი ბიზნესმენი, თქვენ არჩევანი გაქვთ მხოლოდ ორი ბანკი დღეს. იმიტომ, რომ მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში ხშირად ეს დანარჩენ ბანკებს არ აქვთ საკმარისი ზომა, რომ მოემსახურონ ამ კლიენტებს. ანუ ამ სეგმენტში კი, ვხედავთ გარკვეულ გამოწვევას, მაგრამ საცალო სეგმენტში ვფიქრობთ, რომ კლიენტს აქვს საკმაოდ დიდი არჩევანი და დიდი კონკურენცია არის ჩვენ ბაზარზე.

საპროცენტო განაკვეთები ნამდვილად მაღალია და გამოწვევაა, მაგრამ ამას სხვა ფაქტორები განაპირობებს და არა უშუალოდ საბანკო სექტორი. გამჭვირვალე სექტორია, ადვილად შეგვიძლია გავზომოთ მაგალითად ბანკების ხარჯები და გავყოთ შემოსავალთან, ბანკების ხარჯები აქტივებთან და შევადაროთ სხვა ქვეყნებს და ვნახავთ, რომ ჩვენი ბანკები ერთ-ერთი საუკეთესოები არიან. საუკეთესოები არიან მათ შორის ლონდონის საფონდო ბირჟაზე, იგივე ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით. ის ინვესტორები, ვინც ჩვენ საბანკო სექტორში აკეთებენ ინვესტიციებს, აუცილებლად აღნიშნავენ, რომ ქართულ ბანკებს აქვთ ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები და პერფორმანსი მათ პორტფელში. ამიტომ საბანკო სექტორი ამ კუთხით ვფიქრობთ, რომ გამოწვევას არ ქმნის და ასევე მომხმარებელს რომ შევხედოთ - კი, ჩვენ გვესმის, ხშირად წუწუნი, რომ პროცენტები არის მაღალი, მაგრამ საქართველოში 1000 ზრდასრული ადამიანიდან დაახლოებით 600-ზე მეტს აქვს სესხი, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი არის გლობალურად. ამიტომ სესხებზე ხელმისაწვდომობა, ან სურვილი რომ ადამიანებმა აიღონ სესხი, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება საპროცენტო განაკვეთი მაღალი ჩანს, არ არის დაბალი",- განაცხადა დავით უტიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები