საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი, დავით უტიაშვილი საქართველოს ფინანსური სტაბილურობისთვის მთავარ გამოწვევად საგარეო რისკებს ასახელებს. მან საკითხზე "საქმის კურსის" ეთერში ისაუბრა.
დავით უტიაშვილის თქმით, საფინანსო სექტორი ჯანსაღია, თუმცა არის გარკვეული რისკებიც. გარდა საგარეო ფაქტორებისა, მან ასევე დოლარიზაცია გამოყო, როგორც ფინანსური სექტორის მთავარი გამოწვევა.
"ბუნებრივია, 4 ისეთი კარგი წელი გვქონდა, 5 წელი პრინციპში კოვიდის შემდეგ, რომ ეს ყველაფერზე აისახა, მათ შორის საბანკო სექტორზეც და ის ჯანსაღია ყველა პარამეტრით. თუმცა, ცხადია, რისკები არსებობს. ეს რისკები, პირველ რიგში, არის გეოპოლიტიკური რისკები, რომელზეც ჩვენ არანაირი ბერკეტი ზემოქმედების არ გაგვაჩნია და მისი დინამიკა ისეთია, რომ, პრინციპში, შეუძლებელია თქმა, რა განვითარება ექნება. ეს რისკები, როგორც წესი, ჩვენს ეკონომიკაზე აისახება ხოლმე სხვადასხვა კუთხით. პირველ რიგში, ეს არის საგარეო შემოდინებები, რომელიც შეიძლება შეფერხდეს და ეს ახდენს ხოლმე გაცვლით კურსზე გავლენას. დოლარიზაცია რჩება ჩვენი ფინანსური სექტორის, მათ შორის და ზოგადად ეკონომიკის მთავარ გამოწვევად - ჯერ კიდევ 45% სესხების არის უცხოურ ვალუტაში.
ჩვენ რეზერვებიც საკმაო მოცულობით დავაგროვეთ, თუმცა თუ იქნება ფუნდამენტური შოკი, ცხადია, რომ გაცვლით კურსზე ამას ექნება გავლენა და ეს არის ხოლმე ყველაზე დიდი და პირდაპირი დარტყმა ჩვენს საბანკო სექტორზე და ეკონომიკაზე.
ასევე, ჩვენთან, ვთქვათ, ეკონომიკის ზრდაც მაღალია და ეს საგარეო შემოდინებები ბევრი კუთხით არის - ტურიზმის, გზავნილების კუთხით და ეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში მათ შორის შეიძლება ტურიზმის სექტორზეც აისახოს.
ასევე, უძრავი ქონების ბაზარზე გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები ბოლო წლებში, მაგრამ აქაც საგარეო მოთხოვნა არის ძალიან ძლიერი. ჩვენ თუ შევხედავთ გაყიდვებს მთლიანად ქვეყანაში, დაახლოებით 25%, მეტი უძრავი ქონების გაყიდვების მოდის არარეზიდენტებზე - იგივე ისრაელის მოქალაქეებზე, არაბულ ქვეყნებზე. ეს მოთხოვნა ძალიან დიდია, თუმცა თუ შეიცვალა გარემოებები, ბუნებრივია, შეიძლება პირიქითაც მოხდეს, იმ ხალხმა გაყიდოს ბინები და სხვა რეგიონი აირჩიოს.
ამიტომ, ასეთი საგარეო მოწყვლადობა არის ძალიან მაღალი და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი ბერკეტებით დავაგროვოთ ბუფერები საბანკო სექტორში, დავაგროვოთ რეზერვები და მაქსიმალურად ვმართოთ ეს რისკები",- აცხადებს დავით უტიაშვილი.
























