პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ არ იცის, რა მიზნებს ემსახურება რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებულ ვერსიაში შესული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც კანონის მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება და უფლებამოსილ პირს ნებისმიერი პირის პერსონალური მონაცემების გამოთხოვის საშუალება მიეცემა - ამის შესახებ ღარიბაშვილმა რუსთავში, პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
"მაყურებელს რომ ავუხსნათ, კონკრეტულ პირზე ამ ტიპის მონაცემების შეკრება, როგორ დაეხმარება გამჭვირვალობის მიზნებს?"
“მე ამას ვერ ავუხსნი მაყურებელს, მე არ ვიცი. ეს კითხვები უნდა დაისვას პარლამენტში. თუ პარლამენტში ეს კითხვები არ დასმულა და ახლა გარეთ გამოიტანეს, კი ბატონო. ვფიქრობ, უნდა კითხოთ კანონმდებლებს და ისინი განმარტავენ, რა დგას ამ ინიციატივების და დამატებების უკან, მე არ ვიცი, არ ვარ ამ ინიციატივების ავტორი და არ მაქვს ინფორმაცია. კანონთან დაკავშირებით დამატებებზე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კანონმდებლები განმარტავენ, გირჩევთ, დაუსვათ კითხვები დეპუტატებს”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, რუსული კანონის უკვე მხარდაჭერილი რედაქციის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ნებისმიერი პირისგან მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია.
“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემებია:
- მონაცემი, რომელიც ავლენს ორგანიზაციის თანამშრომლის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას;
- მის პოლიტიკურ შეხედულებებს;
- რელიგიურ და ფილოსოფიურ მრწამსს;
- პროფესიული კავშირის წევრობას;
- ჯანმრთელობას;
- სქესობრივ ცხოვრებას;
- ნასამართლობის ისტორიას;
- ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება;