მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამი მოსმენით დამტკიცებული "რუსული კანონი" სრულად

ევროკავშირი საქართველო

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სამი მოსმენით მიღებულია. პროცედურის თანახმად, კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება, რომელსაც თავის მხრივ, 2 კვირა აქვს, რომ კანონპროექტს ხელი მოაწეროს, ან ვეტო დაადოს და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს. სალომე ზურაბიშვილი მოტივირებულ შენიშვნებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შემდეგ გაუგზავნის პარლამენტს. „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ვინ არის უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია?

მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა; იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;

ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.

ვინ არის უცხოური ძალა?

ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული. ასევე, ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე.

სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია

სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, ვალდებულია მის მიერ ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების წლის მომდევნო კალენდარული წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის მეშვეობით, მატერიალური ფორმით წარუდგინოს წერილობითი განცხადება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის თაობაზე. ამ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია 2 სამუშაო დღეში უზრუნველყოს აღნიშნული სუბიექტის სათანადო ვებგვერდზე იმგვარი დაშვება, რომ მან შეძლოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის (შემდგომ - განაცხადი) ელექტრონულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შევსება და სააგენტოსთვის წარდგენა.

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტი ვალდებულია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის წლის ყოველი შემდგომი წლის იანვარში ელექტრონულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შეავსოს და სააგენტოს წარუდგინოს საფინანსო დეკლარაცია.

მონიტორინგი

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან ამ კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განახორციელოს მონიტორინგი საკითხის სათანადო გამოკვლევა და შესწავლა. ხოლო მონიტორინგის დაწყების საფუძველია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება; ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო ინფორმაციას.

პასუხისმგებლობა და სამართალწარმოების საკითხები

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის იმავე მუხლით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები