ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგა ზედანია "შრომის ბაზრის ანალიზს" აკრიტიკებს, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ პრეზენტაციის სახით გამოაქვეყნა.
მისი მოსაზრებით, აღნიშნული დოკუმენტით "ოცნება" მოქალაქეებს ეუბნება: "შეეგუე, რომ მაღალხელფასიანი, პრესტიჟული და საინტერესო სამსახურები ქვეყანაში არ იქნება".
"გავეცანი ყბადაღებულ 'შრომის ბაზრის ანალიზს'. მე მას არ განვიხილავ დოკუმენტად, რომელიც აღწერს რეალობას - სანამ არ გასაჯაროვდება სრული მასალები (კვლევის მეთოდოლოგია, მონაცემთა ბაზა), ამ რამდენიმეგვერდიანი პრეზენტაციის საფუძველზე ქართული ეკონომიკისა და განათლების რეალიებზე მსჯელობა უბრალოდ ვერ წარმომიდგენია.
სამაგიეროდ ეს არის დოკუმენტი, რომელშიც ჩანს მმართველი პარტიის განზრახვები. მმართველი პარტია ქვეყნის მოსახლეობას ეუბნება: შეეგუე, რომ მაღალხელფასიანი, პრესტიჟული და საინტერესო სამსახურები ქვეყანაში არ იქნება. რაც იქნება, არის დაბალხელფასიანი, მექანიკური, უპექსპექტივო სამსახურები, რომლებიც არ საჭიროებს უმაღლეს განათლებას (ოღონდ ესეც იმ დაშვებით, თუ შედგა ანაკლიის პორტიისა და სხვა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები; დიდი ეჭვი მაქვს, რომ, თუ ასე გავაგრძელეთ, საბოლოო ჯამში, არც არაფერი აშენდება, გარდა მაღალსართულიანი შენობებისა). ამიტომ მმართველი პარტია არ მოგცემთ საშუალებას, რომ უმაღლესი განათლება მიიღოთ და მერე პრეტენზიები გქონდეთ უკეთეს ცხოვრებაზე.
არა, საქმე მხოლოდ ის არაა, რომ მმართველი პარტია ბიუჯეტიდან თქვენს უმაღლეს განათლებას არ დააფინანსებს - ამაზე აქამდეც ძალიან ცოტა ფული იხარჯებოდა. ამიერიდან მმართველი პარტია თქვენ აგიკრძალავთ თ ქ ვ ე ნ ი ვ ე ფულის დახარჯვას უმაღლეს განათლებაში.
არაა საჭირო ამდენი უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი ქვეყანაში - ეს არის "ანალიზის" მთავარი ამოსავალი და დასკვნა. ამ დოკუმენტში არ წერია, მაგრამ იდიოტი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე ორ მიზეზს, თუ რატომ: ჯერ ერთი იმიტომ, რომ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებს უკეთეს ცხოვრებაზე აქვთ პრეტენზია და მერე ხან სამოქალაქო მოძრაობებში იღებენ მონაწილეობას და ხანაც - პოლიტიკურ პროცესებში; მეორეც იმიტომ, რომ მათი სწავლის გამო დაკავებულია შენობები თბილისის ცენტრში, რომელთა გაყიდვის შედეგადაც ბევრი ფულის გაკეთება შეიძლება. დანარჩენი დეტალებია. მაგრამ საერთო განზრახვა სრულიად ცხადია - უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა საქართველოში მკვეთრად, რადიკალურად უნდა შეიზღუდოს", - წერს გიგა ზედანია.
"გამოიკითხა 12 500 საწარმო" - რას ეფუძნება მთავრობის შრომის ბაზრის კვლევა?




























