მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გამოიკითხა 12 500 საწარმო" - რას ეფუძნება მთავრობის შრომის ბაზრის კვლევა?

232

დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის საფუძველზეც "ქართულმა ოცნებამ" უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება განსაზღვრა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მსგავსი კვლევები ქვეყანაში 2017 წლიდან მოყოლებული ტარდებოდა.

„ეკონომიკის სამინისტრო ყოველწიურად საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ატარებდა ხოლმე კერძო სექტორის კვლევებს, თუმცა წლევანდელი კვლევა იყო განსხვავებული იმით, რომ მის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში კვოტების განსაზღვრა, სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება. კვლევა ჩაატარა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად. ჩვენ ასევე ვთხოვეთ ჩართულობა საქართველოს ბიზნეს ასოციაციას, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არის არსებითად 2 დამსაქმებელი - კერძო და საჯარო სექტორი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კერძო სექტორთან თანამშრომლობა იმისათვის, რომ კვლევა სწორი მეთოდოლოგიით, სწორი მიდგომით ჩატარებულიყო და მინდა, ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

ეკონომიკის სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა კვლევის ამსახველი პრეზენტაცია, რომლის თანახმადაც „უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის" კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 12 500 საწარმო. მათ შორის სრული მოცვით მსხვილი (470 საწარმო) და საშუალო (1,752 საწარმო) ზომის საწარმოები; მცირე ზომის საწარმოები (10,278 საწარმო) კი შეირჩა შემთხვევითი სტრატიფიცირებული შერჩევით.

კვლევის ჩატარებაში მონაწილეობდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 153 ინტერვიუერი. შედეგები კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გააანალიზა. კვლევის ცდომილება ქვეყნის დონეზე ≤ 0.49%-ია.

ასევე, 2025 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა საჯარო სექტორში სამუშაო ძალაზე მოთხოვნის კვლევა, რომელმაც მოიცვა ყველა სახელმწიფო უწყება, ორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

პრეზენტაციის თანახმად, კვლევის მეთოდოლოგია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაა. კერძოდ, გამოყენებულია ისეთი ორგანიზაციების პრაქტიკა, როგორიც არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), ევროპის საგანმანათლებლო ფონდი (ETF) და პროფესიული განათლების განვითარების ევროპული ცენტრი (CEDEFOP).

კვლევაში გამოყენებული მოდელები შემდეგია:
1. Cambridge Econometrics-ის მიერ შემუშავებული “საქართველოში უნარების მაკროეკონომიკური პროგნოზირების მოდელი“ “Macroeconomic Skills Forecasting Model for Georgia”;
2. დინამიური დანახარჯები-გამოშვების ცხრილებზე დაფუძნებული მაკროეკონომიკური მოდელი.

პრეზენტაციის მიხედვით, კერძო სექტორში სამუშაო ძალაზე მოთხოვნის შეფასების წყარო უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევები და სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე მაკროეკონომიკური პროგნოზებით მოთხოვნის კორექტირებაა. მაკროეკონომიკური პროგნოზები კი მათ შორის მოიცავს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდა 6%-ის ფარგლებში იქნება. ასევე არის მითითება, რომ მოდელში გათვალისწინებულია დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები: ანაკლიის პორტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ვაზიანის ახალი აეროპორტი და სხვა მსხვილი პროექტები.

კვლევამ აჩვენა, რომ საჯარო და კერძო სექტორში უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალაზე მოთხოვნა 5-წლიან პერსპექტივაში ჯამში 64 095 ადამიანს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები