საჯარო და კერძო სექტორში უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალაზე მოთხოვნა 5-წლიან პერსპექტივაში ჯამში 64 095 ადამიანს შეადგენს. ამის შესახებ "ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელსაც უნივერსიტეტების ლექტორებიც ესწრებოდნენ.
კობახიძის თქმით, აღნიშნული მაჩვენებლიდან 42 316 კურსდამთავრებულის საჭიროება კერძო სექტორში ფიქსირდება, ხოლო 21 779-ის – საჯარო სექტორში. მონაცემები მოიცავს როგორც ახალი სამუშაო ადგილების ზრდას, ასევე ჩანაცვლების მოსალოდნელ მაჩვენებელს.
„ჩვენ შევისწავლეთ დასაქმებულებზე მოთხოვნის ზრდა 5-წლიან პერსპექტივაში და იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც უმაღლესი განათლება სჭირდებათ შრომის ბაზარზე შესასვლელად. ეს მაჩვენებელი შეადგენს 64 095-ს. აქედან 42 316 კურსდამთავრებულის საჭიროება არის კერძო სექტორში, ხოლო 21 779-ის საჯარო სექტორში. აქ იგულისხმება მათ შორის, ჩანაცვლების მოსალოდნელი მაჩვენებელიც.
რაც შეეხება პროფესიულ ჯგუფებში უმაღლესი განათლების საჭიროების მოთხოვნას, აქ ლიდერობს შემდეგი პროფესიები: საშუალო სკოლის მასწავლებლები 6149; გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერები 4761; ექთნის დამხმარე სპეციალისტები 2781, ექიმი სპეციალისტები 2701, მშენებლობის მენეჯერები 1710, პროგრამისტები 1691, პროფესიული განათლების მასწავლებლები 1655, მშენებლობის ზედამხედველები 1299, ელექტროტექნიკოსები 1124, მომარაგების და დისტრიბუციის მენეჯერები 1008. ანუ კვლევამ დაადგინა, რომ ამ კონკრეტულ პროფესიებზე არის ყველაზე დიდი მოთხოვნა შრომის ბაზარზე“,- განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება სიჭარბეს, მისი განცხადებით, სამართლის მიმართულებით მკვეთრი გადაჭარბებული მიწოდებაა. ანალოგიური ვითარებაა ეკონომიკაშიც. ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით რაოდენობრივი ბალანსი არსებობს, თუმცა კვალიფიკაციის დაბალი დონე შრომის ბაზარზე პრაქტიკულ დეფიციტს ქმნის.
გარდა ამისა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით კურსდამთავრებულთა რაოდენობა შრომის ბაზრის მოთხოვნას დაახლოებით ხუთჯერ აღემატება. სიჭარბე ფიქსირდება უცხო ენების მიმართულებითაც.
„კვლევაში წარმოდგენილია მონაცემები, რომელიც აჩვენებს იმას, თუ რომელია დეფიციტით გამორჩეული მიმართულებები. აშკარად ჩანს, რომ პედაგოგიკა არის ერთ-ერთი ასეთი მიმართულება, სადაც გვყავს ნაკლები სტუდენტი, ვიდრე არის შრომის ბაზრის მოთხოვნა. საინჟინრო-ტექნიკურ მიმართულებებში არის უმეტეს შემთხვევებში დაფიქსირებული დეფიციტი, ეს ეხება მშენებლობას, ანუ გვჭირდება იმაზე მეტი მშენებელი, ვიდრე, დღეს, უმაღლესი განათლების სისტემა აწვდის შრომის ბაზარს. ქიმიური ტექნოლოგია და მეტალურგია, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ამ მიმართულებებითაც არის ნაკლებობა. საექთნო და სამეანო საქმე, სოციალური მუშაობა, ეს არის ის სფეროები, სადაც მკვეთრი დეფიციტი ფიქსირდება მიწოდების კუთხით.
რაც შეეხება სიჭარბის მაგალითებს, სამართალი უკვე ვახსენე, სადაც არის მკვეთრი სიჭარბე, ანალოგიურად - ეკონომიკაშიც გვაქვს სიჭარბე, რაც შეეხება ბიზნესის ადმინისტრირებას, აქ, რეალურად, დაბალანსებულია მონაცემები, თუმცა აქ სხვა პრობლემას ვაწყდებით, იმის გამო, რომ კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის დონე არ არის საკმარისად მაღალი, რეალურად, შრომის ბაზარზე მაინც ფიქსირდება მკვეთრი დეფიციტი. აქ არის თავსებადობა რიცხვებს შორის, ანუ რამდენსაც უშვებს უმაღლესი განათლების სისტემა, იმდენზე არის მოთხოვნა შრომის ბაზარზე, თუმცა კვალიფიკაციის პრობლემის გამო, რეალურად, მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის დეფიციტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებითაც შრომის ბაზარზე.
სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები - აქაც ფიქსირდება ძალიან მკვეთრი დისბალანსი. არის მოთხოვნადი სპეციალობა, ძალიან ბევრი ამთავრებს, თუმცა შრომის ბაზარზე არის დაახლოებით 5-ჯერ ნაკლები მოთხოვნა, ვიდრე გვყავს კურსდამთავრებულები სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით. იგივე ეხება უცხო ენებს, სადაც არის მკვეთრი სიჭარბე,“- აღნიშნა კობახიძემ.




























