მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაახლოებით 54,000 არის სლავური ქვეყნებიდან; 44,000 კი უცხოელი სტუდენტია - კობახიძე 2024 წლის აღწერაზე

ირაკლი კობახიძე

საქართველოს მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მიხედვით, ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხოეთის მოქალაქეების რაოდენობა 133 857 ადამიანს შეადგენს, რაც მოსახლეობის 3.4%-ია. უცხოელთა რაოდენობასა და მათ შემადგენლობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მთავრობის პროგრამის შესრულების წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

კობახიძის განცხადებით, საქართველოში მცხოვრები უცხოელებიდან დაახლოებით 44-44.5 ათასი უცხოელი სტუდენტია, ხოლო დაახლოებით 54 ათასი ადამიანი სლავური ქვეყნებიდან არის.

„საქართველოში, გავრცელებული სპეკულაციების წინააღმდეგ, ცხოვრობს 134 000-მდე უცხოელი მოქალაქე, რაც არის მოსახლეობის 3.4%. აქედან დაახლოებით 44 000 - 44 500 არის უცხოელი სტუდენტი, რომელიც იმყოფება საქართველოში და მათ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში. 54 000 არის სლავური ქვეყნებიდან მოქალაქეების ერთობლიობა, რომლებიც ძირითადად საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში და მომიჯნავე სფეროებში არიან დასაქმებული“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთლიანობაში საქართველოს მოსახლეობა 2014-2024 წლებში 216 ათასი ადამიანით, ანუ 5.2%-ით გაიზარდა. მისი თქმით, უშუალოდ საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ამ პერიოდში 90 825 ადამიანით გაიზარდა.

საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 2024 წლის აღწერის მიხედვით 3 929 581 ადამიანს შეადგენს. მათ შორის საქართველოს მოქალაქეა 3 795 724 ადამიანი, ხოლო უცხოეთის მოქალაქე - 133 857 ადამიანი. მოსახლეობის 0.5%-ის მოქალაქეობა იდენტიფიცირებული არ არის.

საქსტატის თანახმად, უცხოეთის მოქალაქეები ასე ნაწილდებიან:

  1. რუსეთის მოქალაქე - 37,715 ადამიანი;
  2. ინდოეთის მოქალაქე - 23,925 ადამიანი;
  3. უკრაინის მოქალაქე - 11,542 ადამიანი;
  4. აზერბაიჯანის მოქალაქე - 8,309 ადამიანი;
  5. სომხეთის მოქალაქე - 5,381 ადამიანი;
  6. თურქეთის მოქალაქე - 5,262 ადამიანი;
  7. ბელარუსის მოქალაქე - 4,473 ადამიანი;
  8. ირანის მოქალაქე - 4,322 ადამიანი;
  9. ისრაელის მოქალაქე - 3,244 ადამიანი;
  10. იორდანიის მოქალაქე - 3,037 ადამიანი.

უცხოელთა რაოდენობის მაჩვენებელი საქსტატის მიერ თავდაპირველად გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით შემცირდა. 2025 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ პირველადი აღწერის შედეგებში უცხოეთის მოქალაქეთა რაოდენობა 257 ათასად, ანუ მოსახლეობის 6.6%-ად იყო მითითებული. განახლებული მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 133 857 ადამიანამდე შემცირდა.

საქსტატის განმარტებით, აღწერის მიზანია ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების რაოდენობის დადგენა და მასში შედიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უცხოეთის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში მუდმივად ცხოვრობენ. მუდმივი ცხოვრების განსაზღვრისას ერთ-ერთ კრიტერიუმად ქვეყანაში 12 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში ყოფნა გამოიყენება.

საქართველოს მოსახლეობის წინა აღწერა 2014 წელს ჩატარდა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მოსახლეობა 3 713 000 ადამიანს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები