ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, ბოლო წლებში საქართველოში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალი ტემპი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგი არ არის და მას ძირითადად რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება, კაპიტალის მოკლევადიანი შემოდინება და „ჩრდილოვანი ეკონომიკა“ განაპირობებს.
ამის შესახებ აკაკი ცომაიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სექტემბერში 6%-ით, ხოლო 9 თვეში 7.4%-ით გაზრდილი ეკონომიკის მიზეზების ანალიზისას განაცხადა. მან ასევე შეაფასა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაც, რომლის თანახმად, ეკონომიკური ზრდა სათანადო ეკონომიკური და საგადასახადო პოლიტიკისა და ბიუროკრატიის სიმარტივის შედეგია.
ეკონომისტმა დეტალურად გააანალიზა ქვეყნის ეკონომიკის რეალური მდგომარეობა, ოფიციალური სტატისტიკის ხარვეზები, ხელისუფლების განცხადებები და ისაუბრა პროგნოზებზეც.
აკაკი ცომაიას შეფასებით, 2021-2022 წლებიდან დაფიქსირებული დაჩქარებული ეკონომიკური ზრდა არა შიდა სტრუქტურულ ცვლილებებს, არამედ საგარეო ფაქტორებს უკავშირდება.
„საქართველო ძალიან სარგებლობს იმ გარემოებებით, რაც შექმნილია რეგიონში - მათ შორის ომებით - გნებავთ, დაძაბულობა ამერიკა-ირანს შორის და გნებავთ, რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ამ კუთხით ეკონომიკამ საკმაოდ დიდი სარგებელი მიიღო“, - აღნიშნა მან.
ეკონომისტის განმარტებით, სარგებელი ორ ძირითად მიმართულებას ეფუძნება:
რუსეთის მიმართ გამტარი ფუნქცია: „საქართველო გახდა რუსეთის „უკანა ეზო“. ქვეყნის ტერიტორიიდან რუსეთში ხვდება დიდი რაოდენობის საქონელი და მომსახურება, რაც შემდგომ სხვადასხვა სექტორში ლეგალიზდება“, - თქვა აკაკი ცომაიამ.
IT სექტორის ზრდა: „საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში წინსვლა თვალსაჩინოა, თუმცა აქაც ჩნდება კითხვის ნიშნები - ხომ არ ხორციელდება კლასიკური მომსახურების მიღმა ისეთი საქმიანობები, რომლებზეც ოფიციალური პასუხები არ არსებობს“, - აღნიშნა მან.
ეკონომიკის ზრდის კიდევ ერთ ფარულ კომპონენტად ცომაია „ჩრდილოვან ფულს“ ასახელებს, რომელზედაც ოფიციალური მონაცემები არ არსებობს.
მისივე თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საბანკო სექტორში უცხოური კაპიტალის დიდძალი ნაკადი შემოვიდა (გახსნილი დეპოზიტების სახით): „ეს ხდება არა ექსპორტის რეალური ზრდის, არამედ კაპიტალის შემოდინების ხარჯზე, რასაც ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების შესავსებად იყენებს“.
ეკონომისტი მკვეთრად აკრიტიკებს ხელისუფლების განცხადებებს მიღწეულ წარმატებებზე და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლებს უწოდებს მცდელობას, დაიბრალოს ის, რაც მას არ გაუკეთებია.
„ირაკლი კობახიძემ ურცხვად მიითვისა კახა ბენდუქიძის რეფორმები ბიუროკრატიის სიმცირესთან და დაბალ საგადასახადო ტვირთთან დაკავშირებით. დერეგულაციების დონე და დაბალი საგადასახადო ტვირთი 2006-2007 წლებიდან მოქმედებს და არა მას შემდეგ, რაც „ოცნება“ მოვიდა“, - განაცხადა ეკონომისტმა.
აკაკი ცომაიას თქმით, ეკონომიკური განვითარება პირდაპირაა დამოკიდებული სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე, რასაც საქართველოში უკუსვლა აქვს.
„უტიფარი სიცრუეა, როდესაც „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ქვეყანაში კარგი ბიზნესგარემოა. მსხვილი ბიზნესის წარმოება დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანის ნებართვით. შერჩევითი სამართლის პირობებში პოზიტიური გარემო ვერ იარსებებს“, - ამბობს ის.
„წერტილთან“ ინტერვიუში აკაკი ცომაიამ ირაკლი კობახიძის ის განცხადებაც შეაფასა, რომელიც კორუფციასთან ბრძოლასა და ეკონომიკის ზრდას შორის კავშირს შეეხებოდა.
ეკონომისტი „აბსურდს“ უწოდებს მთავრობის მეთაურის განცხადებას კორუფციის დამარცხების შესახებ: „ერთადერთი, რაც შეიძლება დაინახო, არის ის, რომ „ქართული ოცნების“ ერთმა კლანმა დაამარცხა მეორე კლანი. კორუფცია დამარცხებული არ არის. გავა რამდენიმე თვე და აღმოჩნდება, რომ ამ პრემიერობის პერიოდშიც დიდ კორუფციულ ფაქტებს ჰქონდა ადგილი. ქოლ-ცენტრები მაინც ფუნქციონირებენ, ფულის გათეთრება და არაფორმალური გარიგებები მაინც ხდება“.
მისივე თქმით, ქვეყანაში არსებობს ერთი არაფორმალური მმართველი, რომელიც კლანებს შორის „ნაშოვნი ფულის განაწილებას“ საკუთარი წესებით არეგულირებს.
























