მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა..." - რას მოგვიტანს თურნავას აზრით ჩინურ ბანკებთან თანამშრომლობა?

თურნავა

სებ-ის პრეზიდენტი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ჩინეთის საბანკო სექტორთან წარმატებული თანამშრომლობა ქართული საბანკო სექტორისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. მან ამის შესახებ ჩინეთში ვიზიტისას განაცხადა, რომლის ფარგლებშიც ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან და მსხვილ ბანკებთან შეხვედრები გამართა.

მისივე თქმით, ეს საქართველოს მოსახლეობას მეტ წვდომას მისცემს სხვადასხვა საფინანსო პროდუქტსა თუ შეთავაზებაზე.

"ქართული საბანკო სექტორისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომ ასეთი ფინანსურად მდიდარი ბაზარი იყოს მათთვისაც ხელმისაწვდომი, უფრო გაფართოვდეს ტრანზაქციების არეალი და გაძლიერდეს მათი საკორესპონდენტო ურთიერთობა ჩინეთის წამყვან ბანკებთან და ჩინეთის წამყვანი ბანკები ჩათვალეთ, არის მსოფლიოს წამყვანი ბანკები.

გარდა ამისა, ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენი საფინანსო სექტორი უფრო დივერსიფიცირებული გახდეს და ჩვენს მომხმარებლებს, ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მეტი წვდომა ჰქონდეს სხვადასხვა საფინანსო პროდუქტსა თუ შეთავაზებაზე, უფრო ხელმისაწვდომი, უფრო საინტერესო, დივერსიფიცირებული გავხადოთ ჩვენი საფინანსო სექტორი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.

სებ-ის ცნობით, ქართულმა დელეგაციამ ასევე შეხვედრები გამართა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ჟანგ ვივუსთან, ჩინეთის ბანკის ვიცე პრეზიდენტთან ლიუ ძინთან და ჩინეთის სამშენებლო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან ძი ჟი ჰონგთან. აღნიშნული სამი ბანკი ჩინეთის უმსხვილესი ბანკების „დიდ ოთხეულში“ შედის. "ჩინეთის ბანკი" წარმოდგენილია მსოფლიოს 64 ქვეყანაში, მთლიანი აქტივებით დაახლოებით 4.6 ტრილიონი აშშ დოლარი. "ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკი" ოპერირებს მსოფლიოს 49 ქვეყანაში, მთლიანი აქტივები აღემატება 6 ტრილიონ აშშ დოლარს. "ჩინეთის სამშენებლო ბანკი" კი ოპერირებს მსოფლიოს 31 ქვეყანაში, მთლიანი აქტივებით დაახლოებით 5.4 ტრილიონი აშშ დოლარი.

მემორანდუმი ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან - როგორ ითანამშრომლებენ მხარეები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები