მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მემორანდუმი ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან - როგორ ითანამშრომლებენ მხარეები?

ჩინეთი სებ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. შეთანხმება სებ-ის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

როგორც ნათია თურნავა აცხადებს, ერთობლივი ამოცანაა, რომ უფრო ეფექტური გახდეს და დაახლოვდეს ორი ქვეყნის საბანკო სექტორი. მისივე თქმით, ჩინურმა მხარემ სებ-თან მჭიდრო თანამშრომლობის დიდი ინტერესი და სურვილი გამოხატა.

რას გულისხმობს ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობა?

სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მემორანდუმი ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით გაფორმდა.

მათი ცნობითვე, ის ითვალისწინებს გლობალურ ფინანსურ გარემოში საერთო გამოწვევების გადასაჭრელად, სისტემური რისკების შესამცირებლად, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის და ბიზნეს ურთიერთობის ხელშეწყობას, ასევე ფინანსური სტაბილურობის განსამტკიცებლად მჭიდრო თანამშრომლობას.

ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, ქართული მხარე გეგმავს, უფრო მიმზიდველი გახადოს საქართველოს ფინანსური ბაზარი ჩინური ბანკებისთვის და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მემორანდუმით მხარეები თანხმდებიან ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის მონეტარული პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების სფეროებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სებ-ი და ჩინეთის ცენტრალური ბანკი ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ და ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის საბანკო სერვისების განვითარებას. მანდატის ფარგლებში კი ითანამშრომლებენ საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოდერნიზაციაზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საგადახდო სისტემების ურთიერთდაკავშირებულობის გაზრდას სწრაფი, ეფექტური და უსაფრთხო საერთაშორისო ტრანზაქციების ხელშეწყობის მიზნით.

დამატებით, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ისაუბრეს საგადახდო სფეროში თანამშრომლობაზე, რათა უფრო ეფექტური და ხელმისაწვდომი გახდეს, როგორც ჩინელი, ისე ქართველი ვიზიტორებისთვის და ბიზნესისთვის.

მისივე თქმით, მხარეები შემდგომ ვიზიტებსა და სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.

თავის მხრივ, მემორანდუმზე პრესრელიზი გაავრცელა ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა, სადაც ბევრი დეტალი არაა მოცემული და წერია, რომ ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი პან გონგშენგი 26 მარტს შეხვდა ნათია თურნავას. ჩინეთის ცენტრალური ბანკის ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ჩინეთ-საქართველოს მაკროეკონომიკურ პერსპექტივაზე, ორმხრივ ფინანსურ თანამშრომლობასა და სხვა საკითხებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები