საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში ერთ-ერთი ამოცანა ჩინური ბანკებისთვის საქართველოს ფინანსური ბაზრის მიმზიდველობის ზრდაა.
მან ამის შესახებ ჩინეთში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.
ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობა გაძლიერდება.
"ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა შედგა ჩვენსა და ჩინეთის ცენტრალური ბანკის დელეგაციას შორის. ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა აღგვითქვა სრული მხარდაჭერა. დღეს ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს, სადაც ძირითადი მიმართულებებია მოცემული. ჩვენი ერთობლივი ამოცანა არის, რომ უფრო ეფექტური გავხადოთ, უფრო დავაახლოოთ ორი ქვეყნის საბანკო სექტორები, უფრო მიმზიდველი გავხადოთ საქართველოს ფინანსური ბაზარი ჩინური ბანკებისთვის და ჩინური საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის. საგადახდო სფეროში თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ, რათა ეს სფეროებიც დავაახლოოთ და უფრო ეფექტური და ხელმისაწვდომი გავხადოთ, როგორც ჩინელი ვიზიტორებისთვის, ბიზნესისთვის ისე ქართველი ვიზიტორებისთვის და ბიზნესისთვის, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს თანამშრომლობას. რასაკვირველია საუბარი იყო ზოგადად იმ გამოწვევებზე, რაც რეგიონში არსებობს და რაც ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული ჩვენი ორი ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის დაგეგმვის დროს. ამასთან დაკავშირებით გავცვალეთ მოსაზრებები. შევთანხმდით შემდეგ ვიზიტებზე ერთმანეთთან, სამუშაო ჯგუფების შექმნასა და გაცვლაზე. შევთანხმდით ერთობლივ საფინანსო ინსტრუმენტებზე, ისეთებზე როგორიცაა სვოპ ინსტრუმენტები, რომლებიც გაეშვება ჩვენს ბაზარზე და სხვა მიმართულებებითაც დავსახეთ თანამშრომლობის გზა. რაც მთავარია, მოვისმინეთ სრული მხარდაჭერა, დავინახეთ დიდი ინტერესი და დაიწყო ძალიან კარგი, მჭიდრო თანამშრომლობა ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის, რომელიც აუცილებლად გაძლიერდება და გაგრძელდება",- განაცხადა ნათია თურნავამ.
ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციამ ჩინეთში შეხვედრები გამართა მსხვილ ბანკებთან: ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის (Industrial and Commercial Bank of China) ვიცე-პრეზიდენტ ჟანგ ვივუსთან, ჩინეთის ბანკის (Bank of China) ვიცე პრეზიდენტთან ლიუ ძინთან და ჩინეთის სამშენებლო ბანკის (China Construction Bank) აღმასრულებელ დირექტორთან ძი ჟი ჰონგთან.
სებ-ის ინფორმაციით, აღნიშნული სამი ბანკი ჩინეთის უმსხვილესი ბანკების „დიდ ოთხეულში“ შედის. "ჩინეთის ბანკი" წარმოდგენილია მსოფლიოს 64 ქვეყანაში, მთლიანი აქტივებით დაახლოებით 4.6 ტრილიონი აშშ დოლარი. "ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკი" ოპერირებს მსოფლიოს 49 ქვეყანაში, მთლიანი აქტივები აღემატება 6 ტრილიონ აშშ დოლარს. "ჩინეთის სამშენებლო ბანკი" კი ოპერირებს მსოფლიოს 31 ქვეყანაში, მთლიანი აქტივებით დაახლოებით 5.4 ტრილიონი აშშ დოლარი.
როგორც შეხვედრების დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, ჩინეთის საბანკო სექტორთან წარმატებული თანამშრომლობა ქართული საბანკო სექტორისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომ ჩინეთის მსგავსი მდიდარი ფინანსური ბაზარი ხელმისაწვდომი იყოს მათთვის, გაფართოვდეს ტრანზაქციების არეალი და გაძლიერდეს მათი საკორესპონდენტო ურთიერთობა ჩინურ ბანკებთან.
„გარდა ამისა, ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენი საფინანსო სექტორი უფრო დივერსიფიცირებული გახდეს და მომხმარებლებს, ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მეტი წვდომა ჰქონდეს სხვადასხვა საფინანსო პროდუქტსა თუ შეთავაზებაზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.