საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (𝗚𝗖𝗖𝗔) სს „ნიკორა ტრეიდის“ მიერ მომხმარებლების უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა და კომპანიასთან პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა.
სააგენტოს განცხადებით, მიმართა არაერთმა მოქალაქემ სს „ნიკორა ტრეიდის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, რაც „ნიკორას“ ობიექტებში მომხმარებლების შეცდომაში შეყვანასა და პროდუქტზე მითითებული ფასისგან განსხვავებული თანხის გადახდას შეეხებოდა.
კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, GCCA-სა და მოვაჭრეს შორის, გაფორმდა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმება. სააგენტოს გადაწყვეტილებით, „ნიკორა ტრეიდს" დაევალა, რომ სავაჭრო ობიექტებში განთავსებულ პროდუქციაზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება უზრუნველყოს. გარდა ამისა, ფასდაკლებების პერიოდში, "ნიკორა ტრეიდს" დაევალა, მომხმარებლებს შეთავაზებების/ფასდაკლებების მოქმედების ვადის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. შეთანხმება აგრეთვე ითვალისწინებს მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის ინფორმაციის ქართულ ენაზე მიწოდების ვალდებულებას - მკაფიოდ და გასაგებად.
„ნიკორა ტრეიდს" სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად 2-თვიანი ვადა განესაზღვრა.




























