მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ - "ე.წ. ჭკვიანი კამერები გაუმართავია"

5e329412a6dd0
სალომე მეცხვარიშვილი
30.01.20 12:30
3878
არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, სადაც ე.წ. ჭკვიანი კამერების გაუმართაობაზე აკეთებენ აქცენტს. მათი ინფორმაციით, მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელმაც დაადასტურა, რომ რიგ შემთხვევებში ე.წ. ჭკვიანი კამერები არ მუშაობს.

“ბოლო 3 თვის განმავლობაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს სხვადასხვა რაიონსა თუ ქალაქში გზებზე განთავსებული ე.წ. „ჭკვიანი კამერები“ გათიშულია და არ ფუნქციონირებს. აღნიშნული ინფორმაცია, რეალურ ვითარებაში გადაამოწმა საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ, რომელმაც მონიტორინგისთვის შეარჩია შემდეგი მუნიციპალიტეტები: რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, თელავი, გურჯაანი, საგარეჯო, წნორი, გორი, თერჯოლა, ქუთაისი, წყალტუბო, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, ახალციხე, ბათუმი. დაკვირვება განხორციელდა შემდეგი მეთოდოლოგიით: საქართველოს მუნიციპალიტეტებში ყველა კამერასთან იმოძრავა სხვადასხვა ავტომობილმა (სხვადასხვა სანომრე ნიშნით), რომელთაც პერიოდული ტექ-ინსპექტირების გავლის ვადა უკვე ამოწურული (გადაცილებული) ჰქონდათ და კანონით მათზე უნდა გატარებულიყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლი გათვალისწინებული სანქცია. არცერთ შემთხვევაში, არცერთ მუნიციპალიტეტში კამერების მიერ დარღვევაზე რეაგირება არ მომხდარა, რითაც გავრცელებული ინფორმაცია კამერების პროგრამული გაუმართაობის შესახებ დადასტურდა.

აღნიშნული ფაქტი გვიტოვებს საფუძვლიან ეჭვს, რომ კამერების მიერ შესაძლოა არ ხდება სრულფასოვანი რეაგირება სხვა დარღვევებზეც: წითელ შუქნიშანზე გავლა, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება. თუმცა ამ ეტაპზე ასოციაციამ გადაამოწმა მხოლოდ ერთი პარამეტრი (ავტოსატრანსპორტო საშუალება რომელსაც არ გაუვლია ტექ-ინსპექტირება) ე.წ. „ჭკვიანი კამერის“ ფუნქციებიდან, რის შედეგადაც არცერთ შემთხვევაში კამერის მიერ რეაგირება არ მომხდარა.

აღსანიშნავია, რომ კანონის არაღსრულების აღნიშნული ფაქტი მასშტაბურია და 2018 წლის 1 იანვარს დაწყებულ ტექ-ინსპექტირების რეფორმას შეუქმნა საფრთხე.

ბოლო თვეების განმავლობაში ინსპექტირების ცენტრებში მომხმარებელთა მიმართვიანობამ იკლო თითქმის 40 %-ით. საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და ამ შემთხვევებში დასახიჩრებულ/დაღუპულ მოქალაქეთა რაოდენობა საგანგაშოა და ეს მაჩვენებელი თითქმის ყველაზე უარესია მთელს ევროპაში. ჩვენი ორგანიზაციები მხარს უჭერენ ქვეყნის მასშტაბით ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ განთავსების პროგრამას და მიგვაჩნია რომ საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების ასამაღლებლად ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, თუმცა კამერების გაუმართაობა (თვეების განმავლობაში) შემაშფოთებელ ფაქტად რჩება. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც მხოლოდ 2019 წელს 500-მდე მოქალაქე დაიღუპა საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევების დროს, ხოლო 8 000 -მდე დაშავდა/დასახიჩრდა. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება განცხადებაში მოყვანილ ფაქტზე!”,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია - დავით მესხიშვილი
საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის - ეკა ლალიაშვილი
ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის - ირაკლი იზორია
ჰაბ-ჯორჯია - ვასო ურუშაძე
ურბანული ლაბორატორია - გიორგი ბაბუნაშვილო
ჩემი ქალაქი მკლავს - გიორგი ჯაფარიძე

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები