საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დღეს ავტოსკოლების საქმიანობა სრულად რეგულირების მიღმაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დაფუძნება ყველანაირი ლიცენზიისა თუ სერტიფიკატის გარეშე მარტივადაა შესაძლებელი.
მისი თქმით, ამის გამო მართვის მოწმობას იღებენ ადამიანები, რომლებსაც ავტომობილის მართვის შესაბამისი ცოდნა არ აქვთ.
“დღეს ისეთი რეალობა გვაქვს, რომ მართვის მოწმობას იღებენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ არანაირი ცოდნა და ე.წ ავტოსკოლები ამზადებენ ხრიკების და კოდირების გზით. დაზუთხვის მეთოდი არის, შეიძლება მოატყუოთ გამოცდის პროგრამა და მიიღოთ მართვის მოწმობა ისე, რომ არ იცოდეთ რეალურად საგზაო მოძრაობის წესები. ეს სერიოზული პრობლემაა, არის თაღლითობა, რომელსაც თვითორგანიზებული ჯგუფები ავტოსკოლების სახელით აწარმოებენ. ასე რომ ეს პრობლემა დაუყოვნებლივ გამოსასწორებელია. თუ ჩვენ გვინდა საგზაო უსაფრთხოება პირველ რიგში რეფორმა უნდა გავატაროთ პირველ რიგში ავტოსკოლებში,”-ამბობს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დათო მესხიშვილი.
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ აუცილებელია ავტო სკოლების რეფორმა დაიწყოს. მისი თქმით, პროცესების კონტროლი განათლების სამინისტროს თავის თავზე უნდა აიღოს. მესხიშვილი, მთავრობას ამ მიმართულებით ნაბიჯების სწრაფად გადადგმისკენ მოუწოდებს.
“არ არის ერთიანი სასწავლო პროგრამა, ინსტრუქტორები არ არიან სერტიფიცირებული, ავტოსკოლებს არ აქვთ არანაირი ტექნიკური აღჭურვა, რომ ადეკვატური ცოდნა გასცენ. ამ მიმართულებით პასუხისმგებელი სტრუქტურა არ არსებობს. სხვადასხვა გამოცდილება არსებობს ქვეყნებში, იქ სადაც არის ტრანსპორტის სამინისტრო არის მის კომპეტენციაში და ჩვენთან ეს სტრუქტურა არ არსებობს. იქ სადაც ეს სტრუქტურა არ არის განათლების სამინისტროს აქვს წამყვანი ფუნქცია.
არ შეიძლება შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებდეს ყველაფერს,”-აცხადებს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დათო მესხიშვილი.