15 სექტემბრიდან თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია და 47-ე საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ რეჟიმში დაიწყებენ - ეს "გონივრული" გადაწყვეტილება ცხადია განათლების სამინისტროს ეკუთვნის და მიზეზი ამჯერად რუსთაველზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია. უწყების ცნობით, მინიმუმ ამ წლის ბოლომდე სკოლაში მხოლოდ დაბალი კლასები ივლიან, ხოლო უფროსკლასელები კლასიკური გიმნაზიის შემთხვევაში საუბარია მე-10, მე-11 და მე-12, ხოლო 47-ე სკოლის შემთხვევაში მე-11 და მე-12 კლასელებზე, ისინი სწავლას სრულად დისტანციურად დაიწყებენ. დისტანციურად სწავლება კი მოიაზრებს ფორმალურ 30 წთ-იან და დღეში მხოლოდ 3-4 გაკვეთილს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ეს დროებითი ზომაა ნაკადების დასარეგულირებლად და სამუშაოების დასრულებისთანავე სკოლები ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებიან. და როდესაც სამინისტრო ამას „დროებით დისკომფორტს“ უწოდებს, ჩნდება კითხვა: რამდენად გააზრებულია ამ „დისკომფორტის“ რეალური ფასი?
ნახევარსაათიანი ონლაინ გაკვეთილი, რომელიც თუ კოვიდის პრაქტიკას გავიხსენებთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივად არ ტარდება, ვერასდროს შეცვლის სასკოლო პროცესს, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არც რეალურ სივრცეში ბრწყინავს. ეს განათლების სამინისტროში მშობლებზე უკეთესად იციან. იციან, რომ 30 წუთში პედაგოგი ვერც მასალის ახსნას მოასწრებს და ვერც მოსწავლეებთან ეფექტურ ინტერაქციას. შედეგად, მოსწავლეები ფაქტობრივად განათლების გარეშე რჩებიან, ხოლო სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლს, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის განათლების მიღების უფლებას გარანტირებულად აღიარებს. კონსტიტუციური უფლება არ არის ფორმალობა, რომელსაც ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო მარტივად გვერდს აუვლი - სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა, უზრუნველყოს სრულფასოვანი, ფიზიკური სასწავლო გარემო და არა ფორმალური ონლაინ ჩართვები.
ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით განგაშის შემცველია იმ ფონზე, რაც ქართულ სასკოლო სისტემაში ხდება. მსოფლიო ბანკისა და PISA-ს საერთაშორისო კვლევები პირდაპირ მიუთითებს იმ ე.წ. „სწავლების სიღარიბეზე“ რაც ჩვენს ქვეყანაში წლებია არსებობს და უფრო და უფრო მწვავდება. მოსწავლე, რომელიც სკოლაში 12 წელს ატარებს, მიღებული ცოდნის ხარისხით რეალურად მხოლოდ 8-9 წლის ექვივალენტურ განათლებას იღებს. ანუ, სისტემური ხარვეზების გამო, ბავშვები ისედაც დაახლოებით 4 წელს კარგავენ. ამას ემატება პანდემიისდროინდელი ორწლიანი დისტანციური სწავლების მძიმე მემკვიდრეობა და ქვეყანაში არსებული არეულობის გამო, რომელზე პასუხისმგებლობაც ასევე სახელმწიფოს ბალანსზეა, პერიოდულად ჩაშლილი სასწავლო პროცესები.
ამ რეალობაში, უფროსკლასელების კვლავ ონლაინ რეჟიმში დატოვება ნიშნავს განათლების ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაუარესებას და პასუხისმგებლობის სრულად მშობლებზე დაკისრებას. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის შეზღუდვის გამო მშობლების ნაწილი, ვისაც ამის ფინანსური შესაძლებლობა აქვს იძულებულია ინდივიდუალური მომზადების რეჟიმზე გადავიდეს და არ დათანხმდეს სახელმწიფოს განცხადებულ მიზანს, რომელიც ქვეყანაში განათლების დონის მიზანმიმართულ გაუარესებას ემსახურება.
არასავალდებულო გაკვეთილები წელს სავალდებულო ფორმების თანხლებით ჩატარდება - როგორც მოგეხსენებათ სკოლაში პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეები ფორმით უნდა გამოცხადდნენ. მშობლები ღიად გამოთქვამენ უკმაყოფილებას როგორც თავად ფორმის დიზაინსა და ფუნქციურობაზე, ისე მისი პროდუქციის დაბალ ხარისხზე.
რა პრიორიტეტებით ვიწყებთ ახალ სასწავლო წელს?
სტუმარი: გიორგი ჭანტურია - "განათლების პოლიტიკის ცენტრის" დირექტორი;


































