მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არასდროს არ იქნებოდა ადრე ან გვიან" - შალვა პაპუაშვილი მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლაზე

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა. როგორც პაპუაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისთვის გადაწყვეტილება სამწუხაროა, თუმცა ის ყოფილი თანაგუნდელის არჩევანს პატივს სცემს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ მიიღო მამუკა მდინარაძემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ რაც ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის წერილები გასაჯაროვდა, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამის შეფასება გარედან რთულია და გადაწყვეტილებას ადამიანი მაშინ იღებს, როდესაც ამისთვის მზად არის.

„არასდროს არ იქნებოდა ადრე ან გვიან. გადაწყვეტილებები მიიღება მაშინ, როდესაც მიიღება. ამის ამინდი და შესაბამისი დრო არ არსებობს. ადამიანი მაშინ იღებს გადაწყვეტილებას, როცა ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება მომწიფებულია და ამიტომ გარედან ამას ვერ შეაფასებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მდინარაძემ თავად განმარტა გადაწყვეტილების მიზეზები და გამორიცხა ის შესაძლო ვარაუდები, რომლებიც მის გადადგომას შეიძლება მოჰყოლოდა.

„მან თავად ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც მიიღო ეს გადაწყვეტილება. მან თავად გამორიცხა სხვა ინსინუაციები, რაც შეიძლება მის გადაწყვეტილებას მოჰყოლოდა. მე მგონი, ძალიან ღია და გულწრფელი ბრიფინგი ჰქონდა და იქ მყოფ ჟურნალისტებს შესაძლებლობა გქონდათ, რომ პირადად მისგან მიგეღოთ ახსნა მისი გადაწყვეტილების შესახებ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილის შეფასებით, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, თავად განსაზღვროს როგორც პოლიტიკური, ისე სხვა მიმართულებით საკუთარი გზა.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის და ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. მან ისაუბრა მისი გადაწყვეტილების მიზეზებზე. ადამიანებს აქვთ უფლება, რომ პოლიტიკური თუ სხვა სახის გზა თავად განსაზღვრონ და მან ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები