გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში "ქართული ოცნების" ბრალდებებს უპასუხა, რომლებიც ამბობენ, რომ ის ვენის კონვენციას არღვევს და ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა.
"მე ვარ გერმანელი დიპლომატი. მე აქ წარმოვადგენ გერმანიის ინტერესს და გერმანიას, როგორც ევროკავშირის ნაწილს. ასე რომ, მე აქ ნაწილობრივ წარმოვადგენ ევროკავშირის ინტერესსაც. მე არასდროს ჩავრეულვარ და არასდროს ჩავერევი საქართველოს საშინაო პოლიტიკაში, საქართველოს შიდა საქმეებში. არასდროს დამიჭერია მხარი და არც არასდროს დავუჭერ მხარს საქართველოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. არ გამიკეთებია ეს და არც გავაკეთებ. არასდროს დამირღვევია და არც დავარღვევ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას. ვენის კონვენციის მესამე მუხლის მეოთხე წინადადებაში წერია, რომ დიპლომატიური აგენტის ერთ-ერთი საქმე არის ყველა კანონიერი გზით შეაგროვოს ინფორმაცია ქვეყანაზე, სადაც ის არის წარგზავნილი და მოახსენოს ამის შესახებ თავის ქვეყანას. მე სწორედ ამას ვაკეთებ. ვერავინ ვერაფერს წარმოაჩენს, რაც დაადასტურებდა, რომ მე რამე უკანონო გავაკეთე. ბოდიშს ვიხდი ამ დიდი, მსუყე უარმყოფელი განცხადების გამო, მაგრამ ვიცი, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ ჩამოთვლილ სამივე საკითხში დამდებენ ბრალს, მაგრამ არც ერთი ეს ბრალდება არ ყოფილა და არც იქნება სიმართლე", - ამბობს ფიშერი.
გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, ის ქვეყნის საგარეო უწყებას კონსულტაციისთვის ჰყავდა გაწვეული.
"მზად ვართ დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან, მაგრამ ახლა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. და არავისზე ხორციელდება ზეწოლა ან შანტაჟი, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს, არავის აძალებენ ევროკავშირში გაწევრიანებას. ევროკავშირში გასაწევრიანებლად ქვეყნებს იწვევენ. თუკი არ გსურს, ან ვერ ახერხებ, არც წევრიანდები. ეს ნამდვილად არის... როგორ ვამბობთ ხოლმე? - ეს არის ფაქტები. სხვა ყველაფერი არ არის სიმართლე. ჩვენ ძალიან ვეხმარებით ქვეყნებს, რომლებსაც სურთ გაწევრიანება. ჩვენ ამას ვუწოდებთ - მეტი მეტისთვის. საქართველო ამ გზაზე იდგა, მაგრამ აღარ დგას", - ამბობს პეტერ ფიშერი.




























