UFC-ში სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავდა, რომ არასოდეს აპირებს პოლიტიკაში წასვლას.
რამდენიმე საათში კი მერაბ დვალიშვილმა აღნიშნული Facebook პოსტი წაშალა და ამ დროისთვის მის სოციალურ ქსელში აღარ იძებნება.
ის წერდა, რომ საქართველოს რამდენიმე ქალაქში სურს MMA-ს დარბაზების გაკეთება და ამისთვის ჩამოვიდა საქართველოში. დვალიშვილი ჰყვებოდა, რომ სპორტის მინისტრი, შალვა გოგოლაძე დაუკავშირდა, რომელმაც გვერდში დგომის სურვილი გამოთქვა და სწორედ მინისტრის ინიციატივით შეხვდა კახა კალაძეს. მერაბ დვალიშვილის განმარტებით, კალაძეს საქართველოში MMA-ს განვითარებაზე საკუთარი გეგმები გააცნო და ასევე, ისაუბრეს UFC-ს საქართველოში ჩატარების საკითხებზეც.
"მე ვარ ერთი რიგითი ქართველი რომელსაც უყვარს ჩვენი სამშობლო და ქართველი ხალხი.
არასოდეს ვყოფილვარ არცერთი პარტიის წევრი ან რომელიმე მხარეს. არც არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას ან რომელიმე მხარეს დავდგე. მე ვარ ჩვენს სამშობლოზე შეყვარებული სრულიად თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანი რომელიც ყოველთვის ვაფიქსირებდი და დავაფიქსირებ ჩემს პირად აზრს.
თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში მსურს გავაკეთო ისეთი MMA-ს დარბაზები სადაც კარგ პირობებში ივარჯიშონ ჩვენმა MMA-ის პროფესიონალმა თუ დამწყებმა მებრძოლებმა. მინდა შევიტანო ჩემი წვლილი საქართველოში MMA-ს განვითარებაში და გაუზიარო ჩემი გამოცდილება ქართველ სპორტსმენებს რათა საქართველოშიც იყოს მაქსიმალურად შესაძლებელი მაღალ დონეზე ვარჯიში. ასევე გაიზარდონ ახალი ტალანტები და გამრავლდეს ქართველი MMA მებრძოლების რაოდენობა UFC-ში.
ამ ყველაფრის განხორციელებისთვის ჩამოვედი საქართველოში.
მე მოვინახულე რამდენიმე არსებული MMA-ს დარბაზი და მქონდა შეხვედრები რამდენიმე MMA-ს მწვრთნელთან. შემდეგ მე დამიკავშირდა სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე რომელმაც გვერდში დგომის სურვილი გამოთქვა ამ საკითხზე და შალვა გოგოლაძის ინიციატივით შევხვდით კახი კალაძეს რომელმაც გავაცანი და გაუზიარე ჩემი MMA-ს განვითარების გეგმები საქართველოში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ UFC-ს საქართველოში ჩატარების საკითხებზეც",- წერდა მერაბ დვალიშვილი პოსტში, რომელიც აღარ იძებნება.