არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.
უწყების განცხადებით, დაკავება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მიმდინარე საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებითა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ტრეფიკინგის გეგმა შეიმუშავეს.
გამოძიების ვერსიით, გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულებმა გადაიბირეს მათზე მატერიალურად დამოკიდებული არასრულწლოვანი შვილები. შსს-ს ცნობით, მშობლები ბავშვებს ბათუმში, ტურისტულ ზონებსა და სხვადასხვა ლოკაციებზე, მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ, შეგროვებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდნენ.
„არასრულწლოვნები ამ დროისთვის გადაყვანილი არიან სახელმწიფო სერვისების ცენტრებში, მათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხე აღარ ემუქრებათ“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის (ადამიანით ვაჭრობა/ტრეფიკინგი) მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























