სპირტის წარმოების მიზნით, ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები არასტანდარტულ ვაშლს წელსაც შეისყიდიან.
მთავრობის განკარგულების მიხედვით, "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში, პროგრამა, რომელიც 2014 წლიდან მოქმედებს, წელსაც ძალაში იქნება.
ყურძენთან ერთად, უკვე რამდენიმე წელია, სახელმწიფო არასტანდარტულ ვაშლსაც ასუბსიდირებს. სამთავრობო უწყებები ყოველ წელს განმარტავენ, რომ სუბსიდირების მიზანი გლეხების დახმარება და მოსავლის დანაკარგების გარეშე რეალიზაციაა.
გასულ, 2023 წელს სუბსიდიის მოცულობა 2.1 მლნ ლარი იყო. შარშან, სოფლის განვითარების სააგენტომ 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდია გასცა.
bm.ge უკვე დაუკავშირდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ მუშაობა მიმდინარეობს და ბიუჯეტის სრული მოცულობა და სხვა დეტალები აგვისტოს შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.