არასტანდარტული 1 კგ. მანდარინის სუბსიდირება 10 თეთრით 30-დან 40 თეთრამდე გაიზარდა - ამის შესახებ ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის გახსნისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
წინასწარი მოლოდინით, წელს, ნარინჯისფერი რთველი შედარებით ადრე, ნოემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყება.
მიმდინარე წელს ციტრუსის 40-45 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ - გადამმუშავებელი საწარმო მიიღებს, რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, ქობულეთში ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.
შტაბი აჭარის მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ამოქმედდა და მუშაობას 1 თებერვლამდე გააგრძელებს. ამოქმედდება ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.
აღსანიშნავია, რომ არასტანდარტული მანდარინის სუბსიდია წლიდან წლამდე იზრდება. თავად პროგრამა კი, "ქართულმა ოცნებამ" 2014 წელს დააანონსა და 2015 წლიდან დაიწყო.
ცნობისთვის, არასტანდარტულ მანდარინში ითვლება ყველა ის მანდარინი, რომელიც არ არის განსაზღვრული ბაზარზე სრულად რეალიზაციისთვის.