ფერმერი ხვიჩა მახარაძე ვარაუდობს, რომ წელს მანდარინის მოსავლის დაახლოებით 50-60% არასტანდარტული იქნება. BM.GE-სთან ინტერვიუში ის ამბობს, რომ ამინდმა ნაყოფის ხარისხზე უარყოფითად იმოქმედა, რის გამოც ბაზარზე სტანდარტული მანდარინის რაოდენობა შემცირდება.
მისი შეფასებით, ხარისხიანი მოსავლის სიმცირის ფონზე, მანდარინის ფასი შარშანდელთან შედარებით უნდა გაიზარდოს, რათა ფერმერებმა წარმოებაზე გაწეული ხარჯების დაფარვა შეძლონ.
"ამინდებმა მანდარინის მოსავალზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და, სავარაუდოდ, დაახლოებით 50-60% არასტანდარტული იქნება. შარშან თუ მოსავლის 60-70% კარგი ხარისხის იყო, წელს ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, 30-40%-მდე შემცირდეს. შესაბამისად, ხარისხიანი მანდარინი ნაკლები გვექნება და მისი ფასი შარშანდელთან შედარებით უნდა გაიზარდოს. როცა ბაზარზე პროდუქტი ნაკლებია, ფასი უფრო მაღალი უნდა იყოს. ამასთან, წელს მანდარინის ხარისხიც შარშანდელთან შედარებით ოდნავ დაბალია", - აცხადებს ფერმერი.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში BM.GE-ის უთხრეს, რომ ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი, სავარაუდოდ, ნოემბრის 10 რიცხვიდან ამოქმედდება, თუმცა მისი გახსნის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. გასულ სეზონზე საქართველოდან ექსპორტზე 27 ათას ტონაზე მეტი სტანდარტული მანდარინი გავიდა, რომლის ღირებულებამ 43 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში 14 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი გადამუშავდა. მთავრობის მონაცემებით, მისი რეალიზაციის ხელშეწყობისთვის სახელმწიფომ 2 მილიონ 500 ათას ლარზე მეტი სუბსიდია გამოყო. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი კომპანია იბარებდა, არასტანდარტულ ნაყოფს კი ქობულეთში მოქმედი ორი საკონსერვო ქარხანა ამუშავებდა.
























