მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არასტანდარტული საწვავი ქსელში ხვდება როგორც კონტრაბანდული გზით, ისე ადგილზე ხდება გადარევა - ასოციაცია

საწვავი

„არასტანდარტული საწვავი ქსელში ხვდება როგორც კონტრაბანდული გზით, ისე ადგილზე ხდება გადარევა. შესაბამისად, ეს გადარეული საწვავი ხვდება სადგურებში და ხორციელდება მისი რეალიზაცია,“- ამის შესახებ ნავთობ იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი კოტრიკაძე აცხადებს. ამით ის გარემოსდაცვითი დეპარტამენტის მიერ ბაზარზე განხორციელებულ შემოწმებას ეხმაურება, რომლის შემდეგაც კომპანიები 2 მილიონ ლარზე მეტით დაჯარიმდნენ. დიზელის საწვავის 80 ნიმუშიდან 25-ში, ბენზინის 20 სინჯიდან კი 3-ში დარღვეული იყო რამდენიმე პარამეტრი, მათ შორის გოგირდის შემცველობა.

როგორც ნავთობიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე განმარტავს, ასეთი დარღვევები მხოლოდ არაბრენდირებულ სადგურებზე ფიქსირდება. გიორგი კოტრიკაძის თქმით, არაკეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორები საწვავის გადარევას ახდენენ. ასეთი საწვავი კი უხარისხო და სტანდარტებთან შეუსაბამოა.

„საწვავის ხარისხის პრობლემა არახალია, ეს პრობლემა არსებობდა წლების განმავლობაში. ამ მიმართულებით გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სახელმწიფოს მხრიდან და გამკაცრდა საწვავის ხარისხის სტანდარტი ანუ რეალურად იმპორტირებული საწვავი ევროსტანდარტებს შეესაბამება,თუმცა მიუხედავად ამისა მაინც არის რეციდივები ამ მიმართულებით. ქსელშიც ხვდება არასტანდარტული საწვავი, რაც პრობლემებს იწვევს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გადაიდგას სახელმწიფოს მხრიდან ნაბიჯები. ეს მონიტორინგი მნიშვნელოვანია, რაც ჩაატარა დეპარტამენტმა, მაგრამ უნდა გახშირდეს და უფრო მეტი არეალი იქნეს მოცული.

შემიძლია ვთქვა, რომ ბრენდი კომპანიები 100%-ით აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რაც არის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული. ანუ ამ სიტუაციაში ბრენდმა კომპანიებმა ყველა ის მოთხოვნა, რაც იყო განსაზღვრული დააკმაყოფილეს და ბრენდ კომპანიაში არ გამოვლინდა დარღვევა.

ძირითადად გადარევა დიზელის შემთხვევაში ხდება. შესაბამისად არასტანდარტული დიზელი ხვდება სამწუხაროდ ბაზარზე და ამით ზარალდება მომხმარებელი, მანქანა და გარემო. საჭიროა უფრო ქმედითი ზომები, ინტენსივობა უნდა გაიზარდოს კონტროლის, მეტი სადგური მოცვა, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას“,- აცხადებს კოტრიკაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები