მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდიას წერტილი უნდა დაესვას“ - “აგრო ინვესტ სერვისი“

მანდარინიიი

მთავრობა არასტანდარტულ მანდარინს წელსაც დაასუბსიდირებს. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაორმაგდა და მეციტრუსე ფერმერები სახელმწიფოს მხრიდან 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრით დაფინანსდებიან.

რამდენად საჭიროა დარგის სუბსიდირება და რა გავლენას ახდენს სუბსიდია წარმოებაზე? – bm.ge-ს ამ შეკითხვას “აგრო ინვესტ სერვისის” დირექტორი პასუხობს. ვაჟა მკურნალიძის შეფასებით, გაუგებარია, რატომ უნდა დასუბსიდირდეს პროდუქტი, რომელიც სარეალიზაციოდ გამოსადეგი არ არის.

კომპანიის დირექტორის განმარტებით, არასტანდარტული მანდარინის სუბსიდია ხარისხიანი პროდუქტის წარმოებას ხელს არ უწყობს, შესაბამისად, ფინანსების ამ მხრივ მიმართვა არასწორია.

„თუ ეკონომიკური ეფექტიანობის მიხედვით შევხედავთ, ჩემთვის გაუგებარია სუბსიდირების ცნება და საჭიროება, მით უმეტეს, როცა სუბსიდირება არასტანდარტული ციტრუსის ნაწილში ხდება. საუბარია სარეალიზაციოდ უვარგისს ციტრუსზე. აღნიშნულ სუბსიდიას კავშირი არ აქვს ხარისხიანი ციტრუსის წარმოებასთან, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ უვარგის მოსავალზე.

ყველაფერი პირიქით, მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ ფერმერს ყველანაირი პირობა ჰქონდეს მეტი სტანდარტული და ხარისხიანი პროდუქცია აწარმოოს. მაგალითად, ამორტიზებული ბაღების განახლების მიზნობრივი პროგრამები უნდა შემუშავდეს. უნდა ჩატარდეს აგროტექნოლოგიური ღონისძიებები ხარისხიანი მოსავლის მისაღებად.

ადრე თუ გვიან არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდიას წერტილი უნდა დაესვას“ - აღნიშნავს ვაჟა მკურნალიძე.

საქართველოში ნარინჯისფერ რთველი რამდენიმე დღეში იწყება. აჭარის მთავრობაში წელს, 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელიან. საექსპორტო მანდარინსა და ციტრუსს 20-ზე მეტი მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო მიიღებს, რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, ამ პროდუქტს ქობულეთის საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები