მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებით დარგი ვერ განვითარდება - ვახტანგ ბეჟიტაშვილი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი

არასტანდარტული ვაშლის დასუბსიდირებით დარგი ვერ განვითარდება, - ამის შესახებ bm.ge-ის ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება რამდენიმე წელია გრძელდება და ვხედავთ, რომ ამას დარგის განვითარების კუთხით, შედეგი არ მოუტანია.

„სუბსიდიას თუ მიზანი არ გააჩნია და შედეგზე არაა ორიენტირებული, ესაა დაკარგული ფული. ამ შემთხვევაშიც ამასთან გვაქვს საქმე. დახმარება და ხელშეწყობა იმისთვისაა საჭირო, რომ დარგი ფეხზე დადგეს და შემდგომ დახმარების ნაცვლად, ბიუჯეტში იქით შეიტანოს თანხა. ჩვენ წლების განმავლობაში ვუყურებთ, რომ როგორც ვაშლზე, ასევე ყურძენზე, მანდარინზე არის სუბსიდია. თუმცა, ვერც დარგი მოძლიერდა ამ წლების განმავლობაში და ვერც კონკრეტული შედეგი ვერ გამოიღო. შესაბამისად, არ მგონია, რომ კარგი პროექტი იყოს ეს“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, სუბსიდირება ამ შემთხვევაში, პირიქით უარყოფით შედეგებს იწვევს, ვინაიდან ფერმერებს აღარ აქვთ მოტივაცია, მაღალი ხარისხის ვაშლი აწარმოონ.

„მაღალი ხარისხის პროდუქციის ხელშეწყობაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, რათა სოფლის მეურნეობის დარგმა, რაც შეიძლება მეტი მაღალი ხარისხის პროდუქცია აწარმოოს. თუ სტიმული მივეცით ფერმერს, რომ არასტანდარტული გარანტირებულად ჩაბარდება და დანარჩენს არ აქვს პერსპექტივა, ხარისხზე არ იზრუნებს“, - განაცხადა ბეჟიტაშვილმა.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში, პროგრამა, რომელიც 2014 წლიდან მოქმედებს, წელსაც ძალაში იქნება და სპირტის წარმოების მიზნით, ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები არასტანდარტულ ვაშლს წელსაც შეისყიდიან.

ყურძენთან ერთად, უკვე რამდენიმე წელია, სახელმწიფო არასტანდარტულ ვაშლსაც ასუბსიდირებს. სამთავრობო უწყებები ყოველ წელს განმარტავენ, რომ სუბსიდირების მიზანი გლეხების დახმარება და მოსავლის დანაკარგების გარეშე რეალიზაციაა.

გასულ, 2023 წელს სუბსიდიის მოცულობა 2.1 მლნ ლარი იყო. შარშან, სოფლის განვითარების სააგენტომ 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდია გასცა.

bm.ge უკვე დაუკავშირდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ მუშაობა მიმდინარეობს და ბიუჯეტის სრული მოცულობა და სხვა დეტალები აგვისტოს შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები