ჭიათურელი მაღაროელები 19 ივნისიდან შიმშილობენ. მათი მთავარი მოთხოვნა დაკავებული 4 მაღაროელის: მერაბ სარალიძის, არჩილ ჭუმბურიძის, გიორგი ნეფარიძისა და თენგიზ გველესიანის გათავისუფლებაა. მოშიმშილეთა შორისაა დაკავებული მერაბ სარალიძეც. ამის შესახებ BM.GE-სთან მაღაროელმა, ტარიელ მიქაცაძემ ისაუბრა.
მისი განმარტებით, ამ დრომდე მათ პროტესტს სახელმწიფო სტრუქტურებიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია. ის დასძენს, რომ 2000 ყოფილი დასაქმებული აპრილიდან მოყოლებული უხელფასოდ არიან და ქალაქი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია.
„ჭიათურაში არაფერი არ იცვლება. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, არ კომპანია და არც სახელმწიფო. მეტიც, ის ადამიანები, ვინც ქუჩაში დგანან ეს არის დაახლოებით 2000 ყოფილი დასაქმებული, მათ აპრილი, მაისი, ივნისის განმავლობაში ხელფასი არც კი ჩარიცხვიათ. ამის პარალელურად, ძალიან მძიმე ფინანსური მდგომარეობაა.
რაც შეეხება 1500 დასაქმებულს, საიდანაც 1000 ადამიანი არის მუშათა კლასი. ეს ადამიანები მუშაობენ მაღაროებში და სხვა ღია საწარმოებში. თუმცა, მათთვის სამუშაო დავალება და გეგმა მინიმუმ ორმაგია, რასაც აქამდე აკეთებდნენ. ამ გეგმის შესრულება არის შეუძლებელი, რაც კომპანიებს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სამუშაო ვერ სრულდება და მაღარო ასე ვერ იმუშავებს“, - თქვა მან.
ამ დროისათვის მაღაროელები საინიციატივო გუნდისთვის ხელმოწერებს აგროვებენ, რათა მათ იურიდიული უფლება ჰქონდეთ ჭიათურის მოსახლეობის სახელით პროცესების მართვის.
ტარიელ მიქაცაძე ამბობს, რომ ამ დროისათვის უკვე 400 ხელმოწერა აქვთ, თუმცა დასძენს, რომ ხელმოწერების შეგროვებაში კომპანია ხელს უშლის. უფრო კონკრეტულად, დასაქმებულებს აშანტაჟებს და სამსახურის დაკარგვით ემუქრება.
„სრულად ორიენტირებული ვართ ბიჭების გამოშვების საკითხზე. უკანონოდ დაკავებული ბიჭები უნდა გათავისუფლდნენ. პარალელურ რეჟიმში, სასამართლოს გზით დაგვიმტკიცდა დამოუკიდებელი პროფკავშირების შექმნა და აღარ ვიქნებით პეტრიაშვილის პროფკავშირზე დამოკიდებული. ვცდილობთ, რომ დასაქმებულებს ხელი მოვაწერინოთ ახალი პროფკავშირების წევრობაზე. როდესაც უმრავლესობის ხელმოწერა გვექნება, კომპანიას თავს წარვუდგენთ და შესაბამისად, ჩვენს კანონიერ მოთხოვნებს წარვუდგენთ. ჩამოწერილი იქნება ყველა ის გამოწვევა, რაც დღეს ჭიათურის დასაქმების ბაზარზე არიას.
ამ დროისათვის 400 ხელმოწერა გვაქვს. თუმცა აქტიურად მიმდინარეობს კომპანიის მხრიდან დასაქმებულების დაშინება, რადგან თუ ისინი ჩვენი წევრები გახდებიან, ამით ისინი დაკარგავენ ხელფასს, სამსახურს და კიდევ ბევრ სისულელეებზე ესაუბრებიან“, - აცხადებს მიქაცაძე.




























