უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, არავის გაუბედავს იმის თქმა, რომ ეს არჩევნები ან მისი შედეგები რაიმე ფორმით დემოკრატიული არ ყოფილა. ამის შესახებ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში იმყოფებოდნენ უნგრელი დამკვირვებლები და მათ ანგარიშში წერია, რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულ თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა.
„ვულოცავ პრემიერს არჩევნებში გამარჯვებას, ვაკვირდები იმ კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება, საერთაშორისო გამოხმაურებასაც ვეცნობი და შემიძლია ვთქვა, რომ არავის გაუბედავს იმის თქმა, რომ ეს არჩევნები ან მისი შედეგები რაიმე ფორმით არ ყოფილიყოს დემოკრატიული, იმ კრიტიკული აზრის გარდა, რაც გამოითქვა“, - განაცხადა ორბანმა.
მან კობახიძეს არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მოპატიჟებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მე არ მინდოდა საარჩევნო კამპანიის დროს ჩამოსვლა საქართველოში, რადგან ეს იქნებოდა ჩვენი ჩარევის მცდელობად აღქმული. ჩვენ დაველოდეთ შედეგებს და მერე გადავწყვიტეთ თბილისში ჩამოსვლა. მადლობა მოწვევისთვის არჩევნების შემდეგ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები პოზიტიურია. ამის მიზეზი სავარაუდოდ, ისტორიაა, რადგან თქვენ ხართ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი, ჩვენს ასეთები ვართ. ჩვენს ირგვლივ დიდი სახელმწიფოებია, დიდი ძალაუფლების მქონე და ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის. ეს ისტორიული ფაქტია, რომელიც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ურთიერთობებს პოზიტიური სახე აქვს“, - თქვა ორბანმა.