მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არავითარი კორელაცია ევროკავშირში გაწევრიანებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

პრემიერი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არავითარი კორელაცია ევროკავშირში გაწევრიანებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის არ არსებობს. მან ამის შესახებ პარლამენტში განაცხადა, სადაც ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა.

მას ჰკითხეს ევროკავშირში გაწევრიანების ეკონომიკურ ზრდაზე გავლენის შესახებ, რაზე საპასუხოდაც კობახიძემ საქართველოს ზრდის მაჩვენებელი რიგი წევრი ქვეყნების მონაცემებს შეადარა. მისი თქმით, საქართველო აჭარბებს იმ ქვეყნების ზრდას, რომლებიც ევროკავშირის წევრები 2003 წელს გახდნენ.

„რაც შეეხება ევროინტეგრაციის გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე, ყველაფერს აქვს თავისი პლუს-მინუსები. იყო არაერთი კამპანია წარმოებული იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავდა ეკონომიკურ სასწაულს, როგორც ასეთს. რეალურად ჩვენ რომ გადავხედოთ მონაცემებს 2003 წლიდან დღემდე, როგორი იყო მაგალითად მაშინ გაწევრიანებული ევროკავშირის ქვეყნების ზრდა ამ წლების განმავლობაში, დაახლოებით 23 წლის განმავლობაში. ამ ქვეყნების ნომინალური ეკონომიკა ზოგ შემთხვევაში გაიზარდა ორჯერ, ზოგ შემთხვევაში სამჯერ, ოთხჯერ და მაქსიმალური მაჩვენებელი იყო შვიდმაგი ზრდა. ჩვენ თუ გადავხედავთ საქართველოს მონაცემებს იგივე პერიოდში, ჩვენი ნომინალური ეკონომიკა დაახლოებით 20-ჯერ გაიზარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ არავითარი პირდაპირი კორელაცია ევროკავშირში გაწევრიანებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის არ არსებობს. პირიქით, საქართველოს მაგალითი აჩვენებს იმას, რომ იგივე პერიოდში ჩვენ ბევრად უფრო სწრაფად გავიზარდეთ ვიდრე მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, სლოვენია და ასე შემდეგ. პირდაპირი სტატისტიკა მეტყველებს რა თქმა უნდა ამაზე.

თუმცა რა თქმა უნდა ევროკავშირში გაწევრიანებას აქვს თავისი დადებითი ეფექტიც, მათ შორის პოლიტიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, არსებობს პლუს-მინუსები, მაგრამ მთავარი რაც უნდა გააკეთოს ქვეყანამ, ეს არის ის, რომ უნდა იყოს კონცენტრირებული საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის სწორად განხორციელებაზე. ეკონომიკის ზრდისთვის არის მთავარი არა რომელიმე გაერთიანების წევრობა, არამედ ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ქვეყნის შიგნით აწარმოებს ხელისუფლება. ეს არის მარტივი სტატისტიკა, რაც შეგვიძლია გავიხსენოთ.

რა თქმა უნდა მთელი რიგი გვერდითი მოვლენებიც არის დაკავშირებული ევროკავშირში გაწევრიანებასთან. მაგალითად, ქვეყანას შეიძლება მოუწიოს უარი თქვას რიგ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე, უვიზო მიმოსვლაზე. ეს პირდაპირ აისახება ბუნებრივია იმპორტ-ექსპორტზე, აისახება ტურიზმზე და ასე შემდეგ. ნუ თუმცა მთლიანობაში შეიძლება ამ ყველაფრის დაბალანსება სავარაუდოდ. მოკლედ ეს არის საერთო სურათი, რომელიც გვაქვს. საქართველო არის პირველ ადგილზე ყველა ქვეყანას შორის, რომ ავიღოთ ის ქვეყნები, რომლებიც 2003 წელს გახდნენ ევროკავშირის წევრები. საქართველო მათთან შედარებით რამდენჯერმე უკეთესი მაჩვენებლით გამოირჩევა ეკონომიკური ზრდის კუთხით 2003 წლიდან დღემდე. ნუ დანარჩენი ყველაფერი არის ბალანსის საკითხი“,- აცხადებს კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები