5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი მომავალი წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი. ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, დოკუმენტი კონსერვატიულ პარამეტრებზეა დაგეგმილი და სრულად ითვალისწინებს როგორც სოციალური მიმართულებით, ისე საჯარო სექტორში ხელფასების ზრდის კუთხით არსებულ ვალდებულებებს.
„ბიუჯეტის პირველად ვარიანტში, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ყველა ის ვალდებულება, რაც კანონმდებლობით თუ გაცხადებული პოლიტიკის ნაწილშია გათვალისწინებული როგორც სოციალური კუთხით, ასევე საჯარო სექტორში ხელფასების ზრდის მიმართულებით.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბიუჯეტი დაგეგმილია კონსერვატიულ პარამეტრებზე დაყრდნობით: გვაქვს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გათვალისწინებული; მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი 2,5 მეათედია. ასევე ვალი კვლავ კლებულობს და 31,6%-ის ფარგლებშია შენარჩუნებული.
ჯამში ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებს თუ შევხედავთ, ჯამური ხარჯვითი ნაწილი 37,6 მილიარდი ლარია. აქვე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 800 მილიონ ლარზე მეტით არის გაზრდილი ჯანდაცვის მიმართულება, 400 მილიონ ლარზე მეტით კი განათლების მიმართულება. ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად გათვალისწინებულია გასაცემლების ზრდა როგორც პენსიების, ისე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნაწილში. გარდა ამისა, ხელფასები იზრდება მთლიან საჯარო სექტორში და, მათ შორის, განათლების ნაწილშიც.
მნიშვნელოვანია რამდენიმე ახალი პროექტის დაწყება. ეს არის თბილისის შემოვლითი გზის მონაკვეთები, თბილისი-რუსთავის მიმართულებით და ასევე, ბათუმი-სარფის მიმართულებით გზის მშენებლობების დაწყება", - განაცხადა კაკაურიძემ.
გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა.
























