ორივე ნაკვეთი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულებისაა და მშენებლობის დასრულების შემდეგ, არავითარი ავტონომიური დატვირთვა არ ექნება. ძალიან მარტივად შეიძლება ითქვას, რომ არავითარი ქართული მიწა უცხოელებზე არ იყიდება - ამის შესახებ პარლამენტში ინტერპელაციის რეჟიმში გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ორივე ტერიტორია არასასოფლო-სამეურნეო მიწაა, რომელიც მშენებლობის დასრულების შემდეგ დამოუკიდებელ ავტონომიურ ღირებულებას აღარ შეინარჩუნებს.
„მე მინდა, გთხოვოთ პარლამენტარებს - თეორიულად წარმოიდგინეთ რაიმე პუნქტი, რაც შეიძლება იყოს შეტანილი ამ ხელშეკრულებაში და რომელთან დაკავშირებითაც გსურთ ინფორმაციის მიღება. ერთ-ერთი ასეთი თეორიული საკითხი წამოჭრა ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელმა, მან ეჭვი გამოთქვა, რომ მეჩეთების აშენებაა გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით. თუნდაც ასეთი თეორიული კითხვები შეგიძლიათ დასვათ, ხომ არ არის რაიმე ასეთი ჩადებული ხელშეკრულებაში და როგორც მეჩეთების შემთხვევაში შეგვიძლია განვმარტოთ, რომ, რა თქმა უნდა, არავითარი მეჩეთების აშენება არაა გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით, გიპასუხებთ. მეტიც, ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ არავითარი არაკომერციული შინაარსის პუნქტი არაა შეტანილი ხელშეკრულებაში. იგივე ავიღოთ მეჩეთები, ან თუნდაც შეღავათები უცხოელი მყიდველებისთვის. არავითარ შეღავათებს არ ითვალისწინებს ეს ხელშეკრულება, მათ შორის, ბინადრობის ნებართვის გაცემის კუთხით. მით უმეტეს, არავითარი დისკრიმინაციული პუნქტები არ არის შეტანილი საქართველოს მოქალაქეების საზიანოდ. მაგალითად, არ წერია, აქ ვინ შეიძლება იყოს დასაქმებული, მყიდველი და ა.შ. ეს ყველაფერი დარეგულირდება შესაბამისი საბაზრო ურთიერთობებით, ისევე, როგორც ეს ხდება ხოლმე სხვა ინვესტიციების შემთხვევაში. თქვენ შეგიძლიათ, ნებისმიერი თეორიული კითხვა დასვათ, თუ არის რაიმე თეორიული პუნქტი, რაც შეიძლება იყოს შეტანილი ამ ხელშეკრულებაში, რომელიც შესაძლოა, თქვენი აზრით იყოს საზიანო სახელმწიფოსთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის და მარტივად გიპასუხებთ. ყველა არსებითი საკითხი, რაც არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებაში, საზოგადოებისთვის არის ცნობილი და გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან, ეს ინფორმაცია პირადად მეც გავუზიარე საზოგადოებას,“- განაცხადა კობახიძემ.
"იგლ ჰილს საქართველო" 2025 წლის 28 აპრილს დაფუძნდა. მისი მფლობელი და დამფუძნებელი არის იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედი, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის ასევე UAE-ში რეგისტრირებულ Jaona Investment LLC-ის, რომლის დამფუძნებელი და მესაკუთრე არის მილიარდერი მოჰამედ ალაბარი. კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტს ეგვიპტის მოქალაქე ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი იკავებს.
სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.




























