პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის შესაბამის უწყებებს დაავალა, უზრუნველყონ არაბთა გაერთიანებული საამიროების დეველოპერული კომპანიის Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობა. განკარგულება №497, რომელიც 2025 წლის 17 მარტს გამოიცა, განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოხდეს სამინისტროებსა და მუნიციპალიტეტებს კრწანისის პარკისა და გონიოს მიმდებარე ტერიტორიის განვითარებისთვის აუცილებელი ღონისძიებების კოორდინირება.
მრავალმილიარდიანი ინვესტიცია და მთავრობის მხარდაჭერა
Eagle Hills, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების დეველოპერული ჯგუფის EMAAR Properties-ის შვილობილია, საქართველოში მსხვილი დეველოპერული პროექტის განხორციელებას გეგმავს. პროექტი მოიცავს თბილისში ახალი ურბანული სივრცის შექმნას და გონიოს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმას.
ირაკლი კობახიძის განკარგულება არაერთ სახელმწიფო უწყებას პროექტის ხელშეწყობას ავალდებულებს, მათ შორის:
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,
- ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს,
- კულტურის, იუსტიციის, შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროებს,
- თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს.
მათ დაევალათ პროექტების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება, რაც გულისხმობს რეგულაციების ადაპტირებას, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ოპტიმიზაციასა და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.
ამასთან, თბილისისა და ბათუმის მერებს, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, დაევალა, უზრუნველყონ ადგილობრივი მხარდაჭერა. გარდაბნის მუნიციპალიტეტსაც დაეკისრა შესაბამისი ვალდებულებები, რადგანაც პროექტი მათ შორის გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღთაკლიაშიც ითვალისწინებს ვილების პროექტის განვითარებას.
განკარგულების თანახმად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტების განხორციელება გარემოსდაცვითი რეგულაციების დაცვით მოხდეს. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა "ზურმუხტის ქსელის" ფარგლებში დაცული საზღვრების კორექტირება განიხილონ.