მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არჩევნები ახალი და უფრო მძაფრი პოლიტიკური კრიზისის წყარო გახდა“ - ვალერი ჩეჩელაშვილი

ვალერი ჩეჩელაშვილი

„თუ ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე წავიდა, დაახლოებით 5-6 თვის შემდეგ ისეთი რთული კრიზისის წინაშე აღმოვჩნდებით, რომ ამას ვერანაირი ჩინური დაბანდებები ვერ უშველის,“ - ამის შესახებ განცხადება „საქმიანი დილის“ ეთერში საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის და გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.

ჩეჩელაშვილი ფიქრობს, რომ პროცესების სწორი წარმართვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა, პრეზიდენტის და ოპოზიციური პარტიების ერთიანობას და დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციას ექნება.

„ნორმალურ ქვეყანაში არჩევნები ხელს უწყობს პოლიტიკური კრიზისისგან თავის დაღწევას და ჩვენთან სამწუხაროდ არჩევნები გახდა წყარო ახალი და უფრო მძაფრი პოლიტიკური კრიზისისა. მე ვფიქრობ, რომ ნდობა ამ შედეგების მიმართ არის ძალიან დაბალი და მზარდი კონსენსუსია ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ეს არჩევნები არ იყო არც სამართლიანი და არც თავისუფალი.

აუცილებელია პოლიტიკური პარტიების ერთიანობა, გადაწყვეტილება უნდა იყოს ძლიერი და ერთიანი. ცალ-ცალკე ამ ბრძოლას ვერ მოვიგებთ. მე იმედი მაქვს, რომ პროცესები არ განვითარდება ასე, თუმცა თუ ეს ასე მოხდა, ჩვენ აღმოვჩნდებით უკეთეს შემთხვევაში ყირგიზეთში და უარესს შემთხვევაში ბელარუსში.

მმართველი პარტიის ზეიმი არ იყო იმ ხარისხის როგორის ჩატარებაც უნდოდათ, ბანკეტები გაუქმდა და ა.შ. მგონია რომ რეალობის გრძნობა ბოლომდე დაკარგული არ უნდა იყოს და მმართველ პარტიაშიც უნდა გრძნობდნენ რამდენად სერიოზული საშიშროების წინაშე დგანან. ეს საშიშროება არის საერთაშორისო იზოლაცია, რომელიც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა რუსეთის ორბიტაზე აღმოჩნდება. ეს არც მმართველი პარტიის წევრების და არც მათი შვილების ინტერესებში არ არის.

საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ამ ეტაპზე იქნება იმ პოლიტიკური გეგმის ხელშეწყობა და მხარდაჭერა რაც აქვს პრეზიდენტს და პარტიებს. პრეზიდენტის მხრიდან ის 24სთ-იანი პაუზაც რაც აღებული იყო, ნიშნავდა ალბათ იმას, რომ მიმდინარეობდა კონსულტაციები ამერიკელ და დასავლელ პარტნიორებთან.

სიმართლე გითხრათ ვიზალიბერალიზაცია და სანქციები იქნება ყველაზე მინიმალური ზომა რასაც გამოიყენებენ და ეს ნაკლებად მაღელვებს, მე უფრო მაღელვებს ის, რომ საქართველოს შეუწყდება ის მაკროეკონომიკური დახმარება, რომელსაც იღებს ათწლეულების განმავლობაში. ჩვენი ეკონომიკის სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივები დგას იმაზე, რომ ჩვენი ფინანსური და საბანკო სექტორი მჭიდროდ არის ინტეგრირებული დასავლელ სტრუქტურებში. საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი სისტემურ მხარდაჭერას უზურნველჰყოფენ საქართველოსთვის, ეს თუ შეწყდა და ბოლომდე ყველაფერზე წავიდა ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, დაახლოებით 5-6 თვის შემდეგ ისეთი რთული კრიზისის წინაშე აღმოვჩნდებით რომ ვერანაირი ჩინური დაბანდებები ვერ უშველის ამას,“ - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები