დღეს, 27 ოქტომბერს უზბეკეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომლის შედეგადაც, უცხოური მედიის თანახმად, ქვეყანა პრეზიდენტისადმი ლოიალურ პარლამენტს აირჩევს. ეს იმას უკავშირდება, რომ არჩევნებში ოპოზიცია არ მონაწილეობს.
პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი 2016 წლიდან მართავს ცენტრალური აზიის ყველაზე ხალხმრავალ ქვეყანას. 37-მილიონიან ქვეყანაში პოლიტიკური ძალაუფლება კონცენტრირებული რჩება მირზიოევის ხელში და პარლამენტი რეგულარულად იღებს მისი კაბინეტის მიერ შემუშავებულ კანონებს.
2023 წლის ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმით შემოღებული მთავარი ცვლილება შერეულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა, რომლის შედეგადაც 150 დეპუტატიდან მხოლოდ ნახევარი აირჩევა პოლიტიკური პარტიების კენჭისყრით, დანარჩენი 75 კანდიდატი კი ინდივიდუალურად აირჩევა, თუმცა ყველა მათგანი ასევე წარდგენილია უზბეკეთის ხუთი რეგისტრირებული პარტიის მიერ, რომელთაგან არცერთი ეწინააღმდეგება მირზიოევს.
შეგახსენებთ, 2023 წელს უზბეკეთში ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და მესამე ვადით დაიწყო ქვეყნის მართვა. არჩევნებს წინ საკონსტიტუციო ცვლილებები უძღოდა, რომლის თანახმად, პრეზიდენტობის ვადა ხუთიდან შვიდ წლამდე გაიზარდა, რაც მირზიოევს საშუალებას აძლევს ხელისუფლებაში 2037 წლამდე დარჩეს. გაფართოვდა მისი უფლებამოსილებაც.
65 წლის მირზიოევი უზბეკეთის პრეზიდენტი 2016 წელს მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყნის ავტოკრატი ლიდერი ისლამ კარიმოვი გარდაიცვალა. მანამდე მირზოევი პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. შავკატ მირზიოევის დამსახურებად მიიჩნევა ბამბის მინდვრებში იძულებითი შრომის აღმოფხვრა და ქვეყნის გახსნა ტურიზმისა და ინვესტიციებისთვის, თუმცა კრიტიკოსები ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ მოქმედი მთავრობა რეალურ ოპოზიციას მოქმედების საშუალებას არ აძლევს.