მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"[არჩევნების შემდეგ] მაღალი ალბათობით ხელისუფლების მიერ წარმართული კურსი შეიცვლება" - ხმალაძის პროგნოზი

ვახტანგ ხმალაძე

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის მოლოდინით, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული ძალების გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის ამჟამინდელი კურსი შეიცვლება. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი შეფასებით, არჩევნების შემდეგ კურსი მკაფიოდ ევროპული იქნება და ეს პირველივე კვირაში შესამჩნევი იქნება.

„ძალიან მაღალი ალბათობით ხელისუფლების მიერ წარმართული კურსი შეიცვლება. ეს კურსი იქნება მკაფიო და აშკარად ევროპული. ეს გამოჩნდება პირველივე კვირებში. პირველ რამდენიმე კვირაში პარლამენტი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც სრულიად ცხადად იტყვის, რომ ჩვენი კურსი არის სრულიად ევროკავშირისკენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ შემთხვევაში, ევროკავშირის თითქმის დახურული კარი კვლავ გაიღება, ევროკავშირთან დაახლოების პროცესი დაიწყება, რაც არის საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი.

ამ პროცესის დაწყება ლამის გარანტია იქნება იმისა, რომ ქვეყანაში მშვიდობა იქნება, რადგან ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის ორბიტაზე არიან, რუსეთის აგრესიული ბუნების გამო არსად მშვიდობა არ არის. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ არსად დემოკრატია არ არის. აბა, გადახედეთ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ახლოს არიან, რომელში არის დემოკრატია და თუ იმ ქვეყნებში ფორმალურად არ არის ომი, ომის ზღვარზე დგანან. როგორიცაა მაგალითად ბელარუსი, სადაც დიქტატორული მმართველობაა. თუ ვინმეს ეს უნდა, მაშინ მხარი დაუჭიროს რუსულ კურსს. მაგრამ საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას არ უნდა ომი. უნდათ მშვიდობა“, - აცხადებს ხმალაძე.

წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები