ანალიტიკოს გია ხუხაშვილის შეფასებით, "ქართული ოცნების" სტრატეგიაა შეიქმნას სურათი, რომ ისინი კორუფციას ებრძვიან.
როგორც მან გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში განმარტა, ამის თქმის საფუძველს იძლევა ფაქტები, რომელიც ბოლო დროს მოხდა, კერძოდ:
მთავრობაში გახშირებული საკადრო ცვლილებები, პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომ საჯარო სამსახურსა და სახელმწიფო კომპანიებში ათობით ადამიანი ტყუილად ჰყავდათ დასაქმებული და გაუშვეს, ანრი ოხანაშვილის განცხადებები სუს-ის ყოფილი უფროსის მისამართით, ასევე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დაკავება, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობა და სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული წერილი.
გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ერთიანი ფარსის ნაწილია, რადგანაც მთლიანად ქართული ოცნების მმართველობის სისტემა არის კორუფციული და ნებისმიერი მსგავსი ბრძოლა თვალთმაქცურ იერსახეს ატარებს.
"არჩევნები მოდის, მოგეხსენებათ წინა საარჩევნოდ ახლა ხელისუფლებას პოზიტიური ბევრი არაფერი არ შეუძლია შესთავაზოს საზოგადოებას. ყველა მიმართულებით პრობლემები აქვს და გამომდინარე იქიდან, რომ პურს ვერ აძლევს სანახაობა უნდა მოუწყოს - რა არის ეს სანახაობა? რისი ორგანიზებაც სწრაფად შეიძლება მოკლე დროში, ეს არის ანტიკორუფციული ღონისძიებები. ერთი-ორს დაიჭერენ, ამით შექმნიან ილუზიას, რომ ვითომ რეალური ბრძოლაა კორუფციასთან და ასე შემდეგ. რატომ გეუბნებით, რომ ეს არის ილუზია და ეს ყველაფერი არის ფარსი? იმიტომ გეუბნებით, რომ თუ შენ ანტიკორუფციულ ბრძოლას ანტიკორუფციულ ღონისძიებებს იწყებ, ავიღოთ რიჟვაძის ქეისი, თუ ეს ანტიკორუფციული ბრძოლის ნაწილია, რაც ძალიან დრამატულად განვითარდა და ახლა თურქეთში გადაიყვანეს. თუკი ნორმალურ ხელისუფლებას პრეტენზია აქვს ვიღაცასთან კორუფციასთან დაკავშირებით და წერილში ეს ჩანს, რომ ხელისუფლებას მასთან ასეთი პრეტენზიები აქვს ამ დროს როგორ მოქმედებს ხელისუფლება? - აღიძრება საქმე, მიმდინარეობს გამოძიება, სასამართლო რომელსაც გამოაქვს საბოლოოდ ვერდიქტი. ასე კი არ ხდებოდა, კრიმინალური გარჩევის სახე მიიღო ამან ყველაფერმა ქურდული გარჩევის სახე ჰქონდა. ანუ აკაჩავებდნენ რუსული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, იმიტომ რომ რუსული მოდელია. საერთოდ ეს მოქმედებები იქიდან არის კალკირებული. მარტივად რომ ვთქვათ ფულს თხოვდნენ,"- აცხადებს ხუხაშვილი.




























