5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება მწვანე პროექტებში $1 ტრილიონიან ინვესტიციას შეაფერხებს - მონაცემთა ანალიტიკური ორგანიზაცია Wood Mackenzie-ის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ტრამპის გამარჯვება საფრთხეს უქმნის პროექტებს, რომლებიც 2050 წლამდე ნახშირბადის ემისიების 1 მილიარდი ტონით შემცირებას ემსახურება - ანალიტიკური ანგარიში Wood Mackenzie-მ 17 მაისს გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის ენერგოტრანზიციის კვლევის დირექტორის, დეივიდ ბრაუნის თქმით, მიმდინარე საარჩევნო ციკლი გავლენას მოახდენს ენერგოტრანზიციაში ჩადებული ინვესტიციის ზრდის ტემპზე, როგორც მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ისე უფრო გრძელვადიანად, 2050 წლამდე. მისივე თქმით, მწვანე პროექტებში ინვესტიცია მნიშვნელოვანია, რათა დეკარბონიზაციის გრძელვადიანი მიზნების მიღწევა რეალურ პერსპექტივად იქცეს. სხვა შემთხვევაში აშშ-ის ემისიები გაიზრდება, წმინდა ნულოვან ნიშნულამდე დასვლა კი შეუძლებელი გახდება.
საქმე ისაა, რომ ექსპრეზიდენტი ტრამპის საარჩევნო კამპანია მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი მთავარი მეტოქის, ჯო ბაიდენის კამპანიისგან, რომელიც დიდ აქცენტს აკეთებს სუფთა ენერგიის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და კლიმატის ცვლილებაზე. ტრამპმა აღნიშნა, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, იგი გადახედავს ბაიდენის საავტორო პროექტებს, რომელთა შორისაცაა საგადასახადო შეღავათები ელექტრომობილებისთვის ან ემისიების სტანდარტები ავტომობილებისა და ელექტროსადგურებისთვის. ტრამპი ასევე განიხილავს, რომ “პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან” აშშ-ი მთლიანად გამოიყვანოს.
Wood Mackenzie კვლევაში აშშ-ის ენერგეტიკის სექტორისთვის 2023-2050 წლებში გამოყოფილ $7.7 ტრილიონიან ინვესტიციას განიხილავს, რომელიც, არსებული პოლიტიკის ფარგლებში, გარემოსდაცვითი მიზნების მქონე “ინფლაციის შემცირების აქტსა” და მწვანე ინფრასტრუქტურის ითვალისწინებს. კვლევით დადგინდა, რომ, რესპუბლიკური პარტიის მიერ ამ პოლიტიკის გადახედვა, ნახშირბადის ემისიების შემცირების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტებში დაფინანსებას $1 ტრილიონით შეამცირებს. კვლევითი ორგანიზაცია ასევე ვარაუდობს, რომ 2050 წელს აშშ-ის CO2-ის ემისიები იმაზე 1 მილიარდი ტონით მეტი იქნება, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ არსებული პოლიტიკა არ გადაიხედება.
Wood Mackenzie-ს პროგნოზებს შორისაა, ასევე ელექტრომობილების რაოდენობაც, რომელიც, 2050 წლისთვის იმაზე 50%-ით ნაკლები იქნება, ვიდრე არსებული მწვანე პოლიტიკის პირობებში, რადგან, ავტომწარმოებლები, სავარაუდოდ, ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებას გაზრდიან, სრულად ელექტრომობილების წარმოების ნაცვლად.