"ლელოს" დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ მამუკა ხაზარაძის მსგავსად, საპატიმრო დღეს დატოვა. ციხესთან ჯაფარიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ და ადრე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი რჩებიან.
"არც ჩვენი თხოვნის საფუძველზე დავუტუსაღებივართ და არც ჩვენი თხოვნით გავუთავისუფლებივართ. "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ჩვენს გათავისუფლებაზე დღეს, დილით ყოველდღიური "გასეირნების" დროს გავიგე. 11 საათზე მორჩა ჩემი 16 კვ.მ-ში "სეირნობა" და როცა დავბრუნდი მითხრეს, რომ შეწყალების აქტი ჰქონდა გამოცემული მიხეილ ყაველაშვილს. პატივს ვცემ ყველა ოპოზიციონერის პოზიციას, გადაწყვეტილება [არჩევნებთან დაკავშირებით] მივიღეთ კარგად გააზრების და ყველა ფაქტორის აწონ-დაწონის შემდგომ. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია. შესაბამისად, მისი ერთგულები ვრჩებით", - განაცხადა ჯაფარიძემ.
დღეს, 5 სექტემბერს, "ქართული ოცნების" პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა "ლელოს" დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. შეწყალება ყაველაშვილმა ასე დაასაბუთა: "არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება."




























