მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ ჩუხრუკიძე: საბჭოები საბჭოებად დასრულდა… ტარიფების არანაირი გადახედვა არ მომხდარა

5e524a805cf3c
თელარა გელანტია
23.02.20 17:17
4358
თბილისის გულის ცენტრის გენერალური დირექტორის არჩილ ჩუხრუკიძის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს სხდომა 10 იანვრის შემდეგ არ გამართულა და დაპირება 520-ე დადგენილებით დადგენილი ტარიფების გადახედვაზე, დაპირებად დარჩა.

როგორც bm.ge-ის არჩილ ჩუხრუკიძემ განუცხადა, არცერთ მიმართულებაში - არც ინტერვენციულ კარდიოლოგიაში, არც - რითმოლოგიაში, არც კარდიოქირურგიაში არანაირი გადახედვა არ მოხდა იმ ტარიფების, რომელიც სამინისტრომ 520-ე დადგენილებით განაფასა.

„პრემიერთან შეხვედრის შემდეგ შექმნილი საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოსთან ერთად, რამდენიმე თემატური ჯგუფი ნამდვილად შეიქმნა. ბოლო შეხვედრა გაიმართა 10 იანვარს. მაშინ იყო შეხვედრა რამდენიმე ნოზოლოგიის საკითხზე. მაგალითად ისეთზე, როგორიცაა დეფიბრილატორი და რეანიმაციის კოდები, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ითქვა, რომ ჩვენ გვაქვს შეცდომები. ეს აღიარეს სამინისტროს მესვეურებმა და შეგვპირდნენ, რომ 1-2 კვირაში ეს შეიცვლებოდა, რათა ჩვენ შეგვძლებოდა აღნიშნული პროცედურების ჩატარება. ასევე იყო დაპირება, რომ ინტერვენციულ კარდილოგიასა და კარდიქირურგიაში ჩვენ მიერ მიწოდებულ სტანდარტებს გადახედავდნენ და იანვრის ბოლომდე შეგვხვდებოდნენ და თავიანთ მოსაზრებებს გვეტყოდნენ, რომ სამუშაო რეჟიმი გაგრძელებულიყო, მაგრამ 10 იანვრის შემდეგ 1 თვეზე მეტია გასული და არანაირი შეხვედრა არ ყოფილა. ერთადერთი რეანიმატოლოგებს მისწერეს, რომ იმ ოთხ ნოზოლოგიაზე, რომელზეც ცვლილებებს ითხოვდნენ, ერთ ნოზოლგიაზე დათანხმდნენ, ისიც ნაწილობრივ. ამდენად, მე მინდა ვთქვა, რომ საბჭოები საბჭოებად დასრულდა, ჯგუფები ჯგუფებად დასრულდა და დღემდე ვრჩებით იმ რეჟიმში, რომ ვერ ვაკეთებთ რიგ ოპერაციებს, განსაკუთრებით გეგმიურად მიმდინარე ოპერაციებს. ვმუშაობთ, ჯერჯერობით, იმ რესურსებით, რაც გაგვაჩნია და ვაკეთებთ მხოლოდ გადაუდებელ ოპერაციებს და გადაუდებელ ჩარევებს, თუმცა ტარიფები ისეთია, რომ ეს პრაქტიკულად მომგებიანიც კი არაა კლინიკისთვის; კლინიკის ხარჯზე კეთება ყველაფერი, რაც ზღუდავს შესაძლებლობას, რომ კლინიკა წინ წავიდეს, დანერგოს ახალი ტექნოლოგიები, რათა შესაძლებლობა მიეცეს პაციენტებს, რომ უფრო მაღალი დონის სერვისი მიიღონ. ამის ნაცვლად, შედეგად მივიღეთ ის, რომ პერსონალის ხელფასები 35%-ით შემცირდა. ასევე, ადმინისტრაციული ნაწილის თანამშრომლოების ნაწილი გაშვებულ იქნა კლინიკიდან და ფუნქციები გადანაწილდა ერთ ადამიანზე, როცა იქამდე რამდენიმე ადამიანი ასრულებდა ამ სამუშაოებს“, - ამბობს არჩილ ჩუხრუკიძე.

მისი თქმით, თუ სიტუაცია არ შეიცვალა, მომავალში სერვისის ხარისხი გაუარესდება და დარგი უკუგანვითარებას დაიწყებს.

„ალბათ 90-იან წლებში დავბრუნდებით, როცა ელემენტარულ დონეზე ვიქნებით, რადგან ვერცერთი რთული ოპერაციის, ვერცერთი მაღალტექნოლოგიური ჩარევის განხორციელება შეუძლებელი იქნება. მე მაინც იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და პრემიერის დაპირებად დაპირებად არ დარჩება. მან დავალება მისცა ჯანდაცვის სამინისტროს, რომ სასწრაფოდ გამოესწორებინათ… მესმის სასწრაფოდ ვერ მოხერხდა, მაგრამ ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ყველაფერი ისევ სამუშაო რეჟიმში გადავა, მაგრამ ისიც გულდასაწყვეტია, რომ სამი თვის განმავლობაში ამის გამოსწორება შეიძლებოდა და არ მოხდა“, - განაცხადა თბილისის გულის ცენტრის დირექტორმა.

„კლინიკები ვერ გვარწმუნებენ“ - რას აპირებს მინისტრი 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები