"არდი", რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 15 წელია ოპერირებს, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და 2025 წელი კომპანიისთვის ციფრული ტრანსფორმაციისა და ბრენდის განახლების წლად გამოაცხადა. როგორც "არდის" გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე BMG-ის ეთერში აღნიშნავს, ბრენდის სწრაფ განვითარებას ხელი შეუწყო გასული წლის გარიგებამ, რომლის ფარგლებშიც ყველაზე მსხვილი ქართული საინვესტიციო კომპანია Georgia Capital PLC "არდის" ინსტიტუციური ინვესტორი გახდა.
"ზუსტად ერთი წლის წინ, როცა საინვესტიციო გარიგება შედგა, ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რომ, როცა ახალი ინვესტორი მოდის, კომპანიის განვითარების მხარდაჭერა შეიძლება უფრო ჩქარი ტემპით მოხდეს. ესეც მოხდა. ერთი წელი ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ძალიან ბევრი ვიფიქრეთ იმაზე, რა იყო ჩვენი მთავარი უპირატესობა, რითაც გვიცნობდა საზოგადოება; თან ბრენდს 15 წელი შეუსრულდა, რაც ქართული კომპანიისთვის ცოტა არ არის; აჩვენებს, რომ მან რაღაც ისტორია გამოიარა, ჰქონდა თავისი შეცდომები და წარმატებები, რომლისგანაც უნდა ვისწავლოთ.
ამ კვლევა-ძიების, საკუთარ თავს ჩაღრმავების შემდეგ ვნახეთ, რომ რაღაცები გამოგვდის ძალიან კარგად, რაღაცის გამო ხალხს ვუყვარვართ და ვთქვით, რომ ამას ამიერიდან უფრო კარგად გავაკეთებთ, ხოლო რაღაცებს, რაც ჩვენი არ არის, შეიძლება ნაკლები ყურადღება დავუთმოთ ამ ეტაპზე. ციფრული ტრანსფორმაცია ცხადია, ჩვენს ეპოქაში არ არის რამე ახალი, ყველა ბიზნესისთვის გარდაუვალია. მაგრამ ჩვენთვის ეს ტრანსფორმაცია მნიშვნელოვანი იყო, რადგან უფრო ახლოს მივედით მომხმარებელთან", - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.
აღნიშნული სტრატეგიული გარდაქმნა, გენერალური დირექტორის განმარტებით, ხანგრძლივ ვადაზე გაწერილი პროცესია, რომელიც მიზნად "არდის" მომხმარებლებისთვის ყოველდღიურობის გამარტივებას ისახავს. ამას ადასტურებს კომპანიის რებრენდინგიც და ახალი სლოგანიც: "ცხოვრების ჯერია".
"ეს იქნება თვეებზე, წლებზე გაწერილი პროცესი. კიდევ ერთხელ კარგად გავიაზრეთ, რა იყო ჩვენი ძირითადი საყრდენი, რაზეც ვიდექით: ჩვენი თანამშრომლები, ჩვენი დაზღვეულები, ჩვენი პარტნიორები... ამ მოტივაციით ვთქვით, რომ ახლა შემდეგი ეტაპის შემდგომი განვითარების ჯერია და დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რა პრობლემა შეიძლება მოვუხსნათ ადამიანს ან კომპანიას, რომელიც შრომობს და თავის საქმეს აკეთებს, რომ უფრო მეტის უფლება მისცეს თავის თავს, რომ უფრო მეტი სცადოს, უფრო მეტად დაფიქრდეს, უფრო მეტი დრო გაატაროს ოჯახთან, დაისვენოს და ა.შ. აქედან გამომდინარეობს უკვე პროდუქტიც და ნებისმიერი ციფრული გადაწყვეტილებაც; კომპანიამ შეიძლება გააკეთოს კარგი ვებგვერდი, კარგი აპლიკაცია თუ სხვა, მაგრამ მთავარი მოდის ეკოსისტემიდან.
ძალიან წინ წავედით... უფრო კარგად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ ახლა. ყველა ბიზნესს ჰგონია, რომ ყველაფერი კარგად იცის. მაგრამ როცა უფრო ახლოს მიხვალ მომხმარებელთან და უფრო მეტად ჰკითხავ, კიდევ რა გინდა, შეიძლება ბოლომდე არც იცოდეს ზუსტად რა უნდა, მაგრამ ამ საუბრებში ეს ყველაფერი სადღაც იგრძნობა. ჩვენ ამას მოვუსმინეთ, გავიაზრეთ და გვინდა, რომ რაღაც თამასა, რომელიც შევქმენით, ახლა კიდევ ერთი საფეხურით ზევით ავწიოთ და ვთქვათ, რომ დაზღვევა კიდევ უფრო კარგი შეიძლება იყოს", - ამბობს "არდის" გენერალური დირექტორი.
რებრენდინგის ფარგლებში, ახალ იდენტობასთან ერთად, "არდიმ" განახლებული აპლიკაცია წარადგინა, სადაც თავმოყრილია სრულყოფილი სერვისები, 24-საათიანი მხარდაჭერა და პერსონალიზებული გამოცდილება. როგორც მიხეილ ჯაფარიძე BMG-სთან აღნიშნავს, ეს ყველაფერი მხოლოდ პირველი ეტაპია და აპლიკაციასთან ერთად, ახალი პროდუქტების ჩაშვებაც იგეგმება.
"ეს აპლიკაციის განახლებაც არ არის ერთჯერადი პროცესი, ახლა ეშვება პირველი ფაზა, სულ კი სამფაზიანი პროექტი იქნება. ახალ ეტაპზე გადასვლა ბევრ ახალ პროდუქტსაც მოასწავებს. ცხადია, მენიუს ტყუილუბრალოდ არ დავამძიმებთ. ჩვენი მენიუ იქნება ისეთი, როგორიც ადამიანებს სჭირდებათ. ახალი პროდუქტების რაოდენობაზე არ დავკონკრეტდები, მაგრამ ყველა მათგანი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით გამოშვებული, უხდება თუ არა ეს ყველაფერი იმას, რაც ჩვენ ჩავიფიქრეთ და უმარტივებს თუ არა ადამიანს ცხოვრებას", - განაცხადა "არდის" გენერალურმა დირექტორმა.



























