არგენტინის ხელისუფლებამ ამერიკულ სამართალდამცავ უწყებებს 35 000 მოქალაქისგან შემდგარი სია გადასცა, რომელთაც აშშ-ის ტერიტორიაზე მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე დასწრება აეკრძალათ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სიაში 13 000 ისეთი მშობელია შეყვანილი, რომლებსაც შვილების ალიმენტის დავალიანება აქვთ.
არგენტინის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, ალეხანდრა მონტეოლივამ მონაცემთა ბაზა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს გამოძიების ფედერალურ ბიუროსა (FBI) და სხვა საერთაშორისო სააგენტოებს არგენტინის ნაკრების მატჩების დაწყებამდე მიაწოდა.
„ვისაც შვილის ალიმენტის გადახდაზე დავალიანება აქვს, სტადიონებზე ვეღარ შევა. თუ ვალდებულებებს არ ასრულებ, თამაშს მიღმა რჩები“, - განაცხადა მინისტრმა.
გაგზავნილი მონაცემები ეფუძნება არგენტინულ პროგრამა Tribuna Segura-ს, რომელიც ბუენოს-აირესში 2016 წელს ამოქმედდა, ხოლო 2018 წელს ეროვნული პროგრამის სტატუსი მიიღო. სისტემა სტადიონის შესასვლელებთან ეროვნულ საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს ასკანირებს და აიდენტიფიცირებს პირებს, რომლებიც ძებნილად ითვლებიან ან მატჩებზე დასწრება აქვთ აკრძალული. მიმდინარე წლის 13 მაისს ბაზას ალიმენტის გადამხდელი ათასობით დეფოლტერი დაემატა, ხოლო 11 ივნისს მთავრობამ სია აშშ-ს ოფიციალურად გადასცა.
მიუხედავად იმისა, რომ Tribuna Segura არგენტინაში ფართოდ გამოიყენება, აშშ-ში მსგავსი ანალოგი არ არსებობს. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივმა და ჯონ ჯეის კოლეჯის პროფესორმა მაიკლ ალკაზარმა აღნიშნულ ინიციატივას ეფექტური უწოდა.
„ეს ძალიან ღირებული ინსტრუმენტია. სპორტულ ღონისძიებებზე ადამიანებს, როგორც წესი, ყურადღება მოდუნებული აქვთ, რაც სამართალდამცავებს სამართალდამრღვევების იდენტიფიცირებასა და დაკავებაში დაეხმარება, თუკი ამას ჩვენი სასამართლო სისტემაც დაუჭერს მხარს“, - აღნიშნა ალკაზარმა.




























