მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში, ცენტრიდან დაახლოებით ცხრა კილომეტრში, 2021 წლიდან მეღვინეობა „არგვანი“ ფუნქციონირებს, რომელიც მეგრული ჯიშის ღვინოების წარმოებას ეწევა.
ბრენდის დამფუძნებელი, ხატია ჯახუა, BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აღნიშნავს, რომ მეღვინეობა წლიდან წლამდე ვითარდება და მიზნად აქვს, როგორც ადგილობრივი წარმოების გაზრდა, ასევე – ექსპორტის გაფართოება.
„ოჯახს მევენახეობაში დიდი გამოცდილება აქვს და ყოველთვის ტრადიციულად იმართებოდა რთველი, თუმცა თანამედროვე მიდგომებთან შერწყმამ პროცესს ახალი მასშტაბი შესძინა და სამეგრელოში ახალი ღვინის ბრენდის ისტორია დავიწყეთ“, – ამბობს ჯახუა.
მისივე თქმით, საქმიანობის დასაწყისში გუნდმა არაერთ სირთულეს - სამუშაო ძალის დეფიციტს, ინფრასტრუქტურულ და ტექნიკურ გამოწვევებს გაუძლო. პირველ ეტაპზე „არგვანმა“ იმერული ჯიში აწარმოა, თუმცა კომპანიის მთავარი მიზანი მაღალმჟავიანი, მეგრული ჯიშის ოჯალეშის პოპულარიზაციაა.
დღეს მეღვინეობა ღვინოს როგორც ტრადიციული, ისე კლასიკური მეთოდებით ამზადებს. წარმოებაში ამჟამად მხოლოდ ოჯალეშია, რომელიც უკვე წარმოდგენილია „8000 მოსავალის“ ფილიალებში, მათ შორის ბერლინშიც. სამომავლო პერსპექტივაში კი, კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას ესპანური ბაზრის ათვისებაზე ამახვილებს.
ხატია ჯახუა უახლოეს გეგმებზე საუბრობს: „წელს გვინდა გავფართოვდეთ – დავაყენოთ მაჭყვატური, რომელიც მეგრული ვაზის საღვინე ჯიშია. ასევე, დავამატეთ სოვინიონ ბლანი“,- თქვა მან.
„არგვანს“ ვენახები ამ დროისთვის 2 ჰა-ზე აქვს გაშენებული. ერთი ბოთლის ღირებულება საშუალოდ 35-40 ლარია, რაც დამფუძნებლის თქმით, მიზანმიმართულია იმისკენ, რომ ყველამ შეძლოს მათი ღვინის დაგემოვნება.




























