რძის პროდუქტების მწარმოებელმა „არიამ“ რიგით მესამე მაღაზია გახსნა. ახალი სარეალიზაციო ობიექტი ვერაზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. როგორც კომპანიის კომერციულმა დირექტორმა თათა ქურხაშვილმა Bm.ge-ს უთხრა, „არიას“ პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია და გაფართოებაც გაგრძელდება.
„პროდუქციის სახეობებს მუდმივად ვამატებთ, ბრენდის რედიზაინიც გავაკეთეთ. მესამე მაღაზია ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე, ვერაზე გავხსენით. მოთხოვნა იყო. კიდევ უფრო გავფართოვდებით, შემდეგი სავარაუდოდ, იქნება საბურთალო. რაც შეეხება სხვა ქალაქებს, ბათუმში უკვე გვაქვს მაღაზია და ქუთაისში მხოლოდ ჰორეკა სექტორს ვემსახურებით“, - აღნიშნა თათა ქურხაშვილმა.
მისივე თქმით, კომპანია მიმდინარე წლის 15%-იანი ზრდით დასრულებას ელის.
„ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა ყოველთვის იყო, უბრალოდ ადრე რძის დეფიციტი იყო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ბრენდი კარგად მუშაობს და დიდი რაოდენობით ლოიალური მომხმარებელი გვყავს, რეგიონს სტიმული მიეცა, აშენდა ფერმები და მეტი რძე გაჩნდა, რამაც საშუალება მოგვცა, რომ წარმოება გაგვეფართოებინა”, - განმარტა “არიას” კომერციულმა დირექტორმა და დასძინა, რომ შეიძინეს ახალი დანადგარებიც.
“არიას” თხის ფერმა და საწარმო სამეგრელოში, სენაკის რაიონის სოფელ მენჯში მდებარეობს და 60 ჰა მიწის ფართობზეა განლაგებული. საწარმო თხის რძეს თავად აწარმოებს, ძროხის და კამეჩის რძეს კი იბარებს. “არიას” პროდუქციის ასორტიმენტში ყველის არაერთი სახეობა და სხვადასხვა რძის პროდუქტი შედის. საწარმო დღის განმავლობაში დაახლოებით 3 ტონა რძეს ამუშავებს, რაც გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით ორჯერ გაზრდილი მაჩვენებელია.



























