რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "არია" ფასების ზრდას არ გამორიცხავს. ბრენდი რძის პროდუქტებზე, მათ შორის ყველზე, ფასების ზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად, საწვავის გაძვირებას ასახელებს.
კომპანიის წარმოების დირექტორი, ანა გამგებელი BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აცხადებს, რომ ბრენდმა დაარსებიდან ფასები მხოლოდ სამჯერ შეცვალა და თითოეული კორექტირება საწვავის ღირებულების ზრდას უკავშირდებოდა.
„სამივეჯერ დამოკიდებული იყო საწვავის ფასზე და ამას გვერდს ვერ ავუვლით, იმიტომ, რომ საწვავი არის ამომავალი წერტილი. ყველაფერს ტრანსპორტირება უნდა, ყველაფერი საწვავზეა დამოკიდებული“, - აცხადებს ანა გამგებელი.
მისი თქმით, საწვავის ფასი კომპანიისთვის მხოლოდ საბოლოო პროდუქციის ტრანსპორტირების ხარჯს არ განსაზღვრავს. საწვავზეა დამოკიდებული იმ ფერმერების ხარჯებიც, რომლებისგანაც კომპანია რძეს იბარებს, რაც საბოლოოდ წარმოების თვითღირებულებაზეც აისახება.
კომპანიის წარმოების დირექტორის შეფასებით, თუ საწვავის ფასებზე არსებული წნეხი არ შემცირდება და ბაზარზე ფასები არ დასტაბილურდება, „არია“ პროდუქციის ღირებულების კიდევ ერთხელ გადახედვის აუცილებლობის წინაშე შეიძლება დადგეს.
„გარდაუვალი მოცემულობაა, სამწუხაროდ, თუ არ გაჩერდა ეს პროცესი და არ დასტაბილურდა ფასები, იძულებულები ვიქნებით [ფასი გავზარდოთ] იმიტომ, რომ დღესდღეობით ფაქტობრივად უკიდურეს ზღვარზე არის ჩვენი ფასები“, - ამბობს ანა გამგებელი.
ამ ეტაპზე კომპანიაში ფასის შესაძლო ზრდის კონკრეტული პროცენტი განსაზღვრული არ აქვთ. როგორც „არიაში“ აცხადებენ, საბოლოო გადაწყვეტილება იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ შეიცვლება ხარჯები და, მათ შორის, საწვავის ფასი.





















