ბიზნესის მრჩეველი და საბანკო სფეროში 20-წლიანი გამოცდილების მქონე მიხეილ გაფრინდაშვილი, „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ, სახელმწიფო ბანკის შექმნის მორიგ მცდელობას კრიტიკულად აფასებს.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, მსგავსი ინსტიტუტის არსებობის ლოგიკური საჭიროება არ არსებობს და პროექტი მხოლოდ მაღალ რისკებს შეიცავს.
მიხეილ გაფრინდაშვილი ორ მთავარ კითხვას სვამს: ვინ უნდა დააფინანსოს ეკონომიკის განვითარების ბანკი და რა იქნება დაფინანსების წყარო.
მისი შეფასებით, საქართველოში საბანკო სექტორი ერთადერთი „ევროპულად აწყობილი“ სფეროა, რომელიც ბიზნესებს წარმატებით აფინანსებს, ხოლო მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ისედაც საერთაშორისო დონორები (მაგალითად, აზიის განვითარების ბანკი) კურირებენ.
ბიზნესის მრჩეველი პირდაპირ მიუთითებს კორუფციულ საფრთხეებსა და საპენსიო დანაზოგების შესაძლო არასწორ გამოყენებაზე. მისი თქმით, სახელმწიფო ბანკი შეიძლება იქცეს ე.წ. „კარმუშკად“ კონკრეტული ჯგუფებისთვის.
„მოდით, მივყვეთ თანმიმდევრულად: ცხადია, ეს ბანკი რითეილს ანუ საცალო სექტორს ვერ დააფინანსებს - ეს სასაცილოა. თუ ბიზნესსექტორს დააფინანსებს, ჩნდება კითხვა - რატომ? კომერციული სექტორი ბიზნესს შესანიშნავად აფინანსებს და, მართლაც, საქართველოში ერთადერთი ევროპულად აწყობილი სექტორია.
თუ საუბარია სამთავრობო, გრძელვადიან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ ისედაც აფინანსებენ საერთაშორისო ინსტიტუტები, მაგალითად, აზიის განვითარების ბანკი (ADB). ექნებათ კი მათ იმის სურვილი, რომ ეს თანხები რომელიმე ადგილობრივი სახელმწიფო ბანკის გავლით მოახვედრონ ეკონომიკაში?! რა თქმა უნდა - არა. მაშინ რაზეა საუბარი, საერთაშორისო პროექტებზე?! ესეც სასაცილოა.
შესაბამისად, ეს ინიციატივა უფრო „კარმუშკის“ მოწყობას ჰგავს/ არსებობს საფრთხე, ვინმემ თვალი დაადგას საპენსიო ფონდის ₾8.5-მილიარდიან კაპიტალს და ის ამ ბანკის დაფინანსების წყაროდ აქციოს. საბოლოო ჯამში, ამ თემაზე საუბარიც კი ორ დიდ რისკს შეიცავს: პირველი - არსებული საბანკო სექტორის ჩამოშლა და მეორე - საპენსიო ფონდის არასწორად გამოყენება“, - განაცხადა მიხეილ გაფრინდაშვილმა.
შეგახსენებთ: 12-წლიანი პაუზის შემდეგ, „ქართული ოცნება“ ისევ აანონსებს ეკონომიკის განვითარების სახელმწიფო ბანკის შექმნას. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს არ იქნება კლასიკური ბანკი, თუმცა მისი ფუნქციების ნაწილი კრედიტების გაცემასაც მოიცავს. სახელმწიფო ბანკის მისია, დაფინანსების წყაროები და სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ახალი სტრუქტურა ყოფილი „საპარტნიორო ფონდისა“ (ახლანდელი საქართველოს განვითარების ფონდი) და სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ბაზაზე დაფუძნდება.




























