მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის სექტორები, სადაც სამუშაო ძალის ქრონიკული, 10-15%-იანი დეფიციტია - ლევან ვეფხვაძე

მშენებლობა

ბიზნესი ისევ კადრების მწვავე დეფიციტზე ჩივის და მზადაა პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის ყველა ინიციატივაში ჩაერთოს. რამდენიმე დღის წინ გამოწვევაზე საქართველოს ბიზნესასოციაციაში განათლების სამინისტროს მესვეურებთან შეხვედრაზე იმსჯელეს, სადაც სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის ფინანსური, თუ ტექნიკური მხარდაჭერის შესაძლო ფორმატები განიხილეს, რამაც კვალიფიციური კადრების უკეთ მომზადება უნდა უზრუნველყოფს.

შრომის ბაზარზე ადამიანური რესურსის მკვეთრი დეფიციტი ბიზნესისთვის დღემდე მთავარ გამოწვევად რომ რჩება, ამას მოწმობს BAG ინდექსიც. ასოციაციის წევრი კომპანიების ბოლო გამოკითხვის შედეგები მოწმობს, რომ ბიზნესების 67%-ისთვის მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი სწორედ სპეციალისტების ნაკლებობაა.

განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების ახალი ხედვის ფარგლებში, ერთ-ერთ მიმართულებას პროფესიული განათლების სისტემაში სწორედ საჯარო-კერძო პარტნიორობის მასშტაბის ზრდა და დამსაქმებლების ჩართულობის გაძლიერება წარმოადგენს. სამინისტრო კერძო სექტორს პროფესიული განათლების მართვაში მონაწილეობას, რამდენიმე ფორმით სთავაზობს, მათ შორის პროფესიული კოლეჯების თანადაფუძნებას, მასში ინვესტირებას და კოლეჯის ცალკეული მიმართულების მართვაში გადაცემას.

„ბიზნესმა ყველაზე კარგად იცის, რა კვალიფიკაციები სჭირდება მას, შესაბამისად პარტნიორობაში სწორედ ის იგულისხმება, რომ ბიზნესის ჩართულობით უნდა მოხდეს ამ კვალიფიკაციების სტანდარტების ჩამოყალიბება, მერე უკვე ინფრასტრუქტურის ნაწილში უნდა მოხდეს სახელმწიფოსთან მეტი თანამშრომლობა, რომ ამ ინფრასტრუქტურის განვითარებაში ერთობლივად მოხდეს ინვესტიცია. სახელმწიფოს აქვს თავისუფალი სივრცეები, რომელიც შეიძლება ბიზნესმა აითვისოს, მეორეს მხრივ არის კომპეტენცია, რომელიც ბიზნესშია და ეს კოოპერაცია არის სწორედ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ამ გამოწვევებს მეტ-ნაკლებად ვუპასუხოთ.

მე შემიძლია გითხრათ სექტორები, სადაც ქრონიკული, 10-15%-იანი დეფიციტია სამუშაო კადრების. ეს ფაქტია გვაქვს და ამას უნდა ვუპასუხოთ გადამზადების პროგრამებით. ეს არის სექტორები, დაწყებული საინჟინრო სექტორიდან, დამთავრებული საცალო სექტორით“,-აცხადებს BM.GE-სთან საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივის, კერძო და საჯარო პარტნიორობის ფარგლებში განათლების სამინისტროში 10 -ზე მეტი განაცხადია შესული. არსებული ინფორმაციით, უკვე შემდგარი შეთანხმების ფარგლებში პროფესიული სასწავლებელი კონსტრუქტ2-ის სასწავლო ბაზა გაფართოვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები